ჩისკო მუნიოსი
Aa
Aa

ესპანელი, რომელსაც შეეეძლო საქართველოსთვის ეთამაშა - ჩისკოს ინტერვიუ MARCA-სთან

თუ რომელიმე ესპანელს ქართულ ფეხბურთში კვალი აქვს დატოვებული, ეს პირველ რიგში ჩისკო მუნიოსზე ითქმის და ბუნებრივია, მათი ქვეყნის ეროვნულ გუნდთან დაპირისპირების წინ, ესპანურ სპორტულ სააგენტოებს პირველ რიგში სწორედ ის გაახსენდათ და თბილისის „დინამოს“ ყოფილ ფეხბურთელთან და მთავარ მწვრთნელთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერეს.

რა თქვა ჩისკომ

საქართველოში გატარებული წლები მართლაც არაჩვეულებრივად მახსენდება, რადგან იქ ყველა დიდ პატივს მცემდა და მქონდა საშუალება, საოცარი თანაგუნდელების გარემოცვაში მეთამაშა.

ამ ქვეყანას იმდენად კარგად შევეწყვე, რომ ვაღიარებ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებთან, გარკვეული ხნის მანძილზე, მათ ნაკრებში ასპარეზობაზე ზედაპირული საუბრები მქონდა, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი ისე დარჩა, როგორც იყო.

მერწმუნეთ, საქართველოში ნიჭიერი ფეხბურთელები ყოველთვის იყვნენ, არიან და იქნებიან. თუმცა, ვილი სანიოლმა შეძლო და ქართველების ინდივიდუალიზმს გუნდურობა და დისციპლინა კარგად შეუსაბამა, რამაც მათ მაშინვე საოცარი შედეგი მოუტანათ.

როგორია ჩემი პროგნოზი? ქართველების დიდი პატივისცემის მიუხედავად, თუ ესპანეთის ნაკრები იმ ფეხბურთს ითამაშებს, რაც ჯგუფურ ეტაპზე აჩვენა, მეოთხედფინალში აუცილებლად გავა.

ფეხბურთელობის პერიოდში ჩისკო მუნიოსმა „ოქროს დუბლი“ თბილისის „დინამოსთან“ ერთად ორჯერ, 2013 და 2014 წლებში შეასრულა და ამავე სეზონებში ის Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის საუკეთესო ბომბარდირი ორჯერ, ჯერ 19, შემდეგ კი 24 გოლით გახდა. რაც შეეხება სამწვრთნელო მოღვაწეობას, ჩისკოს მომზადებული თბილისელები ქვეყნის ჩემპიონები 2019 და 2020 წლებში გახდნენ, ამჟამად კი მუნიოსი სლოვაკეთის „დუნაისკა შტრედას“ ხელმძღვანელობს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„კარვაცხელია“ - მეხუთედ 296 დღეში
„კარვაცხელია“ - მეხუთედ 296 დღეში