„არაფერი გამკვირვებია, გამიხარდა“ - გია ცეცაძე ნაკრების თამაშზე
ესპანეთთან მერვედფინალის წინ გამართულ პრეს კონფერენციაზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფრანგმა მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა აღნიშნა, რომ მისი გუნდი უკვე ევროპის ჩემპიონია, რადგან ისეთ რაღაცას მიაღწიეს, რასაც ვერავინ წარმოიდგენდა. ქართველი ფეხბურთელების კონტინენტის პირველობაზე ასპარეზობას ბუნებრივია დადებითად აფასებს ცნობილი ქართველი მწვრთნელი გია ცეცაძე, რომელიც რამდენიმე წლის წინ 21-წლამდე ნაკრებს ხელმძღვანელობდა და მის ხელში ახალგაზრდულ ასაკში უამრავ ფეხბურთელს გამოუვლია. ცეცაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ქრონიკაში“ სტუმრობისას, საქართველოს ნაკრების გამოსვლა დეტალურად შეაფასა.
რა თქვა ცეცაძემ
მერვედფინალში ესპანეთის ნაკრების სახით მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს გუნდს ვეთამაშებით, რომელიც წლებია სტრუქტურულად აწყობილი მექანიზმია. თუმცა, ჩვენი ფეხბურთელების თამაშის ხარისხი და განვლილი გზა ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა.
რა თქმა უნდა, პორტუგალიასთან გამარჯვების შემდეგ, საქართველოს ნაკრები ხელწამოსაკრავი მეტოქე აღარავისთვის იქნება. თუმცა, არ მგონია, რომ ამ თამაშს პორტუგალიელები არასათანადოდ მიუდგნენ - უბრალოდ არის ფეხბურთში გარკვეული ნიუანსები, რასაც წინასწარ ვერ გათვლი.
შემთხვევით ვერც პორტუგალიელებს დაამარცხებ და ვერც ევროპის ჩემპიონატზე ვერ გახვალ. გამიკვირდა თუ არა? არ გამკვირვებია, უფრო გამიხარდა. იმიტომ არ გამკვირვებია, რომ სულ ვამბობდი, ფეხბურთის თამაში ქართველებს გენში გვაქვს - ეს ბოლოსდაბოლოს ბორის პაიჭაძის და სხვა ლეგენდების სამშობლოა.
3-5-2 სქემა, რომელიც თავდაცვის დროს 5-3-2-ად ტრანსფორმირდება ვილი სანიოლის საყვარელი ტაქტიკაა და მგონია, რომ მისი შეცვლა არც არის საჭირო, რადგან წლებია ამას საქართველოს ნაკრებისთვის კარგი შედეგები მოაქვს.
ცეცაძეს სხვადასხვა პერიოდში საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში აქვს ნამუშევარი. საკლუბო დონეზე კი ყველაზე დიდ წარმატებას „სამტრედიაში“ მუშაობისას მიაღწია, რომელიც მისი მწვრთნელობის პერიოდში საქართველოს ჩემპიონი პირველად და ჯერჯერობით უკანასკნელად გახდა.