ოფიციალურად - ფელიქსმა, კანსელუმ და ალონსომ ბარსელონა დატოვეს
კატალონიის ბარსელონას ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება, რომ გუნდი მარკოს ალონსომ, ჟოაუ ფელიქსმა და ჟოაუ კანსელუმ დატოვეს.
ესპანელ უკანახაზელს კონტრაქტი დაუმთავრდა და ბლაუგრანამ არ გაუხანგრძლივა. რაც შეეხებათ პორტუგალიელებს, ორივე მათგანი ბარსაში იჯარის წესით თამაშობდა.
მადრიდის ატლეტიკო ფელიქსის სანაცვლოდ 80 მილიონ ევროს ითხოვდა. ბლაუგრანას შესაბამისი ფინანსები არ აღმოაჩნდა და კიდევ 1-წლიანი იჯარა ითხოვა, თუმცა უარი მიიღო.
კანსელუს სიტუაცია კი ცოტა განსხვავებულია. მანჩესტერ სიტი მას 30 მილიონ ევროდ აფასებდა და ბარსამ აღნიშნული თანხა არ გადაიხადა.
შეგახსენებთ, რომ ორივე პორტუგალიელი ბარსელონას გასული წლის ზაფხულში შეუერთდა. ფელიქსმა ყველა ტურნირზე ერთად 44 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 10 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.
კანსელუმ კი ბარსას მაისური ასევე ყველა ტურნირზე ერთად 42-ჯერ მოირგო, 4 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.