მანუელ ნოიერი, ჯამალ მუსიალა, კაი ჰავერცი
Aa
Aa

მუსიალა, ნოიერი და იტალია | ევროს მე-14 დღის გამორჩეული ფაქტები

გერმანიაში მიმდინარე ევრო 2024-ის მე-14 სათამაშო დღეს, შვეიცარია-იტალიისა და გერმანია-დანიის 1/8 ფინალური მატჩები გაიმართა. CrystalSport-ი გთავაზობთ გამორჩეულად საინტერესო ფაქტებსა თუ სტატისტიკურ მონაცემებს, რომლებიც ამ შეხვედრებსა და მათში მონაწილე ფეხბურთელებს უკავშირდება.

უკვე ზედიზედ მე-3 ევროპის ჩემპიონატია, როცა მოქმედი ჩემპიონი ტურნირს 1/8 ფინალური ეტაპიდან ეთიშება - ესპანეთი (ევრო 2016); პორტუგალია (ევრო 2020) და იტალია (ევრო 2024).

იტალიის ნაკრებმა, ევროპის ჩემპიონატის 64-წლიან ისტორიაში, ერთ ტურნირზე ორი მატჩი პირველად წააგო.

იტალიის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის ბოლო 8 მატჩიდან ყველა მათგანში თითო-თითო გოლი ჰქონდა გაშვებული, თუმცა ერთ მატჩში 2 გოლი ევრო 2012-ის ფინალის (ესპანეთთან 0:4) შემდეგ პირველად მიიღო.

იტალიის ნაკრები ევროს 1/4 ფინალში ბოლოს ევრო 2004-ზე ვერ გავიდა, როცა საერთოდ ჯგუფში ჩარჩნენ.

31 წლის სტეფან ელ შაარაუიმ, იტალიის ნაკრების მაისურით, დიდ ტურნირებზე კარიერაში მე-2 მატჩი ჩაატარა - პირველი ევრო 2016-ზე, ირლანდიასთან. ამ ორი შეხვედრის თარიღს შორის სხვაობა 8 წელი და 7 თვეა, რაც, ჩირო ფერარას შედეგის (9 წელი და 348 დღე) შემდეგ, მე-2 მაჩვენებელია.

ევრო 1980-ის შემდეგ, ანუ როცა ევროზე ჯგუფური ეტაპი დაინერგა, ჯანლუკა მანჩინი იტალიის ნაკრების ისტორიაში პირველი ფეხბურთელია, რომელსაც ევროს კონკრეტულ გათამაშებაზე დებიუტი პლეი-ოფში ჰქონდა.

ევრო 2024 ისტორიაში პირველია, როცა ერთი ეროვნების ორზე მეტმა მწვრთნელმა გუნდი პლეი-ოფში გაიყვანა. ეს რეკორდი ამ ტურნირზე იტალიელებმა დაამყარეს: ლუჩანო სპალეტი, დომენიკო ტედესკო, ფრანჩესკო კალცონა და ვინჩენცო მონტელა.

შვეიცარიის ნაკრებს, გუშინდელ გამარჯვებამდე, იტალია 1993 წლის შემდეგ არ ჰყავდა დამარცხებული - 5 ფრე და 6 წაგება.

შვეიცარიის ნაკრებს ბოლო 18 მატჩში მხოლოდ 1 წაგება აქვს - 8 მოგება და 9 ფრე.

შვეიცარიის ნაკრებმა, რემო ფროილერის მიერ გატანილი გოლის შეტევისას, 31 პასი გააკეთა, რაც ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში საუკეთესო შედეგია. ეს სტატისტიკა ევრო 1980-დან აითვლება.

32 წლისა და 75 დღის ასაკში, რემო ფროილერი, ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში, შვეიცარიის ნაკრების ყველაზე ასაკოვანი მეგოლეა - მარიო გავრანოვიჩის რეკორდი (31 წელი და 216 დღე) გააუმჯობესა.

შვეიცარიის ნაკრებმა მიმდინარე ტურნირზე უკვე 7 გოლი გაიტანა და ყველა მათგანი სხვადასხვა ფეხბურთელმა შეაგდო.

შვეიცარიის ნაკრებს, ევროპის ჩემპიონატის ეგიდით, ძირითად დროში, 7 მატჩია არ წაუგია, რაც გუნდის ისტორიაში სარეკორდო წაუგებელი სვლაა.

შვეიცარიის ნაკრებმა იტალიასთან 512-დან 470 ზუსტი პასი გააკეთა, რაც 92%-ია და მათთვის, დიდი ტურნირების ეგიდით, მინიმუმ 1966-ის მსოფლიოს შემდეგ, სარეკორდო შედეგია.

გერმანიის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში მე-20 მატჩი ჩაატარა და მე-11 მათგანი მოიგო - ორივე ეს მაჩვენებელი ტურნირის რეკორდია.

გერმანიის ნაკრებმა ევრო 2024-ზე 4-დან 3 მატჩი მოიგო - ეს უკვე იმდენია, რამდენიც დიდი ტურნირების ბოლო 12 შეხვედრაში ჰქონდათ მოგებული.

გერმანიის ნაკრებს მიმდინარე ტურნირზე 10 გოლი აქვს გატანილი, რაც, ამ გუნდის მიერ, ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში, ერთ გათამაშებაზე გატანილი გოლების რეკორდის გამეორებაა - ევრო 1996; ევრო 2008; ევრო 2012 და ევრო 2024.

21 წლისა და 4 თვის ასაკში, ჯამალ მუსიალამ მიმდინარე ტურნირზე მე-3 გოლი შეაგდო, რაც ისტორიაში მეორე შედეგია. ამაზე უფრო მცირეწლოვან ასაკში 3 გოლი აქამდე მხოლოდ უეინ რუნის აქვს გატანილი - 18 წელი და 238 დღე.

ჯამალ მუსიალა, 2014-ის მსოფლიოს შემდეგ (თომას მიულერი - 5 გოლი), პირველი გერმანელია, რომელმაც დიდი ტურნირის კონკრეტულ გათამაშებაზე მინიმუმ 3 გოლი გაიტანა.

ჯამალ მუსილამ მიმდინარე ევროზე უკვე 3 გოლი გაიტანა, ანუ იმდენივე, რამდენიც წინა 29 სანაკრებო მატჩში ერთად აღებული.

კაი ჰავერცმა, რომელმაც 50-ე სანაკრებო მატჩში მე-18 გოლი შეაგდო, ევროპის ჩემპიონატზე მე-4 გოლი გაიტანა და ამ ტურნირზე გერმანიის ყველა დროის ბომბარდირებს, იურგენ კლინსმანსა და მარიო გომესს, 1 ბურთით ჩამორჩება.

მანუელ ნოიერმა ევროპის ჩემპიონატზე მე-19 მატჩი ჩაატარა, ბასტიან შვაინშტაიგერს გადაასწრო და გერმანიის ნაკრების ყველა დროის რეკორდსმენია.

დანიის ნაკრებს, დიდი ტურნირების ეგიდით, უკვე 8 მატჩია არ მოუგია - 4 ფრე და 4 წაგება.

მსგავსი სიახლეები