გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

„თითი არავინ დააკარა“ | ანტონიო ლოპესი მამარდაშვილის ამბავს იხსენებს

ანტონიო ლოპესი არის აგენტი, რომელმაც გიორგი მამარდაშვილი ესპანეთში ჩაიყვანა. ლოპესმა Relevo-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა და ცნობილი გამოცემის მკითხველებს „მამარდას“ ევროპული კარიერის პირველი ნაბიჯები გაუზიარა.

„ჩემმა კოლეგამ, ლევან სარალიძე დამირეკა. მისი ძმა, ილია საქართველოში ცხოვრობს და მითხრეს, რომ ჰყავთ 19 წლის მეკარე, რომელიც ძალიან კარგად თამაშობს. 21-წლამდე ნაკრებში გიორგის რამდენიმე შეხვედრა ვნახე და მისთვის თვალის დევნება განვაგრძე. შემდეგ ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ლოკომოტივი გრანადას შეხვდა და მამარდაშვილმა შესანიშნავი მატჩი ჩაატარა.

როცა გიორგის ესპანეთში ჩაყვანა გადაწყდა, ნებართვა მივიღეთ და კლუბის ძებნას შევუდექი. ძალიან ბევრ კლუბს შევთავაზე, მაგრამ ქართველი ფეხბურთელის გაფორმებაზე ყველა ყოყმანობდა, რადგან ლა ლიგაში, მაღალ დონეზე თითქმის არც ერთ ქართველს უთამაშია. მამარდაშვილის ტრანსფერი ბილბაოს გარდა, ესპანეთის ლა ლიგაში მოთამაშე ყველა კლუბს შევთავაზე, მაგრამ მასზე ფსონის ჩამოსვლა არავის უნდოდა და თითიც არავინ დააკარა.

საბოლოოდ, ვალენსია აღმოჩნდა კლუბი, რომელიც დაინტერესდა და ღამურების ახალგაზრდული გუნდის დირექტორს, ლუის მარტინესს ტრანსფერის დახურვა ძალიან უნდოდა. მეკარეს ეძებდა და მზად იყო, მამარდაშვილის გასაფორმებლად მაქსიმუმი გაეკეთებინა. მარტინესი გაბედული ადამიანია, რომელმაც ნაბიჯი გადადგა და გიორგიზე ფსონს ჩამოვიდა. მამარდაშვილი ესპანეთში ჩასვლაზე დავიყოლიეთ და მახსოვს, ვალენსიას აეროპორტში მარტო ჩამოვიდა. მე დავხვდი და რამდენიმე დღით სახლი ვუქირავე.

რა თქმა უნდა, 19 წლის ბიჭისთვის სხვა ქვეყანაში გადასვლა მარტივი არ ყოფილა და მას ყოველდღიური დახმარება სჭირდებოდა. დიდხნიანი შრომის შემდეგ, დოკუმენტები და ფორმალური საკითხები მოვაგვარეთ და გიორგი ვალენსიას შეუერთდა. მამარდაშვილს ძალიან გაუმართლა და მისი მისვლისთანავე, დომენეკმა და სილესენმა ტრავმები მიიღეს, რის შემდეგაც ბორდალასმა სასტარტო შემადგენლობაში დააყენა და გიორგიც წინ და წინ წავიდა.

მამარდაშვილის წარმატებაში მისმა მამამ, დავით მამარდაშვილმა, რომელიც მეკარეების მწვრთნელია, დიდი როლი ითამაშა. გიორგისთან კომუნიკაციას ვერ ვახერხებდი, რადგან მხოლოდ ქართული ენა იცოდა, მაგრამ ვატყობდი, რომ საკუთარი თავის სჯეროდა და ეს სწორედ მისი მამის დამსახურებაა“.

შეგახსენებთ, რომ მამარდაშვილი ევრო 2024-ს ფენომენალურად ატარებს და ჯგუფური ეტაპის შემდეგ, ყველაზე მეტი, 20 სეივი აქვს. გიორგის მორიგი გამოცდა ესპანეთია, რომელსაც დღეს დავუპირისპირდებით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ტომი და ჯერი, ბეტმენი და რობინი, კვარა და მიქაუტაძე“ | Mirror-ის სტატია ჯვაროსნებზე
„ტომი და ჯერი, ბეტმენი და რობინი, კვარა და მიქაუტაძე“ | Mirror-ის სტატია ჯვაროსნებზე