გიორგი ქოჩორაშვილი
Aa
Aa

„საქართველოს ნაკრების გული“ | Marca გიორგი ქოჩორაშვილზე წერს

საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებების მერვედფინალურ დაპირისპირებამდე საათები რჩება. ესპანური გამოცემები „ფურია როხას“ მომდევნო მეტოქეზე აქტიურად წერენ და ამჯერად, „ჯვაროსნები“ ავტორიტეტული გაზეთის, Marca-ს ყურადღების ცენტრში მოექცნენ. Marca-მ გიორგი ქოჩორაშვილი გამოარჩია და „ლევანტეს“ ნახევარმცველს საქართველოს ნაკრების გული უწოდა.

გიორგი ქოჩორაშვილი - საქართველოს ნაკრების გული, რომელიც ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში თამაშობს.

„იმ მომენტამდე, სანამ გიორგი ქოჩორაშვილი საქართველოს ნაკრების ისტორიაში უმნიშვნელოვანეს პენალტს დაარტყამდა, კარიერაში მხოლოდ ორი თერთმეტმეტრიანი ჰქონდა შესრულებული. ერთხელ, კასტელონის მაისურით, კალაჰორას გაუტანა, მეორე კი ლევანტეს რიგებში ვალიადოლიდს დაურტყა, მაგრამ მეკარეს ვერ აჯობა. მიუხედავად ასეთი წარსულისა, ქოჩორაშვილმა ბურთი აიღო და საბერძნეთთან გამართული პენალტების სერიის პირველი თერთმეტმეტრიანი გაიტანა.

ლევანტეს ფეხბურთელმა აისრულა ოცნება, რომელიც ბავშვობიდან ჰქონდა. ოცნება, რომელიც გაუჩნდა მაშინ, როცა მშობლებმა ევრო 2008-ის კალენდარი უყიდეს და გიორგიმ ყველა მატჩის შედეგი ჩამოწერა. მაშინ მის სამშობლოში ვერავინ წარმოიდგენდა, რომ საქართველო დიდ სანაკრებო ტურნირზე იასპარეზებდა. ჯვაროსნები ერთი ისტორიული შედეგით არ დაკმაყოფილდნენ და ევრო 2024-ის მერვედფინალში გავიდნენ, სადაც ესპანეთს დაუპირისპირდებიან.

ქოჩორაშვილს 2023 წლის სექტემბერში გამართული მატჩი კარგად ახსოვს. გიორგიმ შეხვედრას, რომელიც ესპანეთმა 7:1 მოიგო, თვალი სათადარიგოთა სკამიდან ადევნა, მას შემდეგ კი საქართველოს ცხრავე ოფიციალურ თამაშში სასტარტოში გამოჩნდა. ლევანტეს წარმომადგენელს ახლახან 25 წელი შეუსრულდა და ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია იმ ნაკრებში, რომელიც ევროპის ჩემპიონატის აღმოჩენა გახდა. გიორგიმ ევრო 2024-ზე სამივე მატჩი სრულად ჩაატარა და მის ანგარიშზე ერთი საგოლე გადაცემაა, პასების სიზუსტის გრაფაში კი 93.34 პროცენტი უწერია.

გიორგიმ ოთხი უცხო ენა იცის. მათ შორისაა ესპანური, რომელიც 2017 წელს, ჟირონაში გადასვლის შემდეგ ისწავლა. თეთრ-წითლების აკადემიაში გატარებული ერთი წლის შემდეგ, იგი პერალადაში გაანათხოვრეს. ისე დაემთხვა, რომ პერალადა და ჟირონა ერთდროულად დაქვეითდნენ და მისი გამოსასყიდი ვერც ერთმა გადაიხადა, რის გამოც, ქოჩო საქართველოში დაბრუნებასთან ძალიან ახლოს იყო. მაშინდელი საბურთალოს პრეზიდენტმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა ფეხბურთელის ფედი ანტონიო ლოპესს მიანდო და როგორც აგენტი იხსენებს, ხეჩიკაშვილმა სთხოვა, ეპოვა კლუბი, რომელიც გიორგის სანაცვლოდ ფულს გადაიხდიდა.

ქოჩორაშვილის თამაში ბარსელონას, ესპანიოლის, ვალენსიას, ვილიარეალისა და ლევანტეს წარმომადგენლებს ჰქონდათ ნანახი და „გრანოტას“ ერთ-ერთმა მწვრთნელმა კლუბს მისი შეძენა სარეზერვო გუნდისთვის ურჩია. ვალენსიურ კლუბში გიორგის პროგრესის მიღწევა მარტივი ნამდვილად არ ყოფილა. პირველი გუნდი ბალახზე ვარჯიშობდა, სარეზერვო გუნდი - ხელოვნურ საფარზე, რის გამოც, მას კუნთის პრობლემები შეექმნა.

სეგუნდა დივიზიონში გავარდნის შემდეგ, ლევანტემ ქოჩო კასტელონში გაანათხოვრა, რათა სათამაშო პრაქტიკა ჰქონოდა. კასტალიურ კლუბში, მან 40 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა, მიმდინარე სეზონში კი დაამტკიცა, რომ ლევანტეს ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ფეხბურთელია. გრანოტამ მას კონტრაქტი გაუხანგრძლივა და 25 წლის ქოჩორაშვილმა იცის, შანსი, რომელსაც ლოდინი სჭირდება, როგორ გამოიყენოს“ , - წერს Marca.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩს დღეს ვიხილავთ და შეხვედრა თბილისის დროით, 23:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„არც კვარა, არც მიქაუტაძე, არც მამარდა“ | AS-ის სტატია სანიოლის საკვანძო მოთამაშეზე
„არც კვარა, არც მიქაუტაძე, არც მამარდა“ | AS-ის სტატია სანიოლის საკვანძო მოთამაშეზე