„არც კვარა, არც მიქაუტაძე, არც მამარდა“ | AS-ის სტატია სანიოლის საკვანძო მოთამაშეზე
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში ესპანეთს დაუპირისპირდება და უცხოურ პრესაში „ჯვაროსნებზე“ ბევრი იწერება. ამჯერად, „ფურია როხას“ მომდევნო მეტოქეს სტატია AS-მა მიუძღვნა და ვილი სანიოლის გუნდის მთავარ ფეხბურთელზე ისაუბრა.
„არც კვარაცხელია, არც მამარდაშვილი, არც მიქაუტაძე. ვილი სანიოლის საქართველოს საკვანძო მოთამაშე... ოთარ კიტეიშვილია. შემთხვევითობა არაა, რომ 172 სანტიმეტრი სიმაღლის მქონე შემტევმა ნახევარმცველმა პორტუგალიასთან ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და საოცარი თამაში აჩვენა. „ოთარი შესანიშნავი ფეხბურთელია და პორტუგალიასთან მატჩში ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა. რომელიმე დიდი კლუბის პრეზიდენტი რომ ვიყო, მას ხვალვე შევიძენდი“, - განაცხადა მატჩის შემდეგ სანიოლმა.
კიტეიშვილმა მონტენეგროსთან გამართულ ამხანაგურ მატჩში ტრავმა მიიღო და ჩეხეთთან და თურქეთთან ვერ ითამაშა. მისმა დაბრუნებამ საქართველოს ნაკრებს ის ხარისხი შესძინა, რაც კვარაცხელიასა და მიქაუტაძეს ძალიან სჭირდებოდათ.
კიტეიშვილი დინამო თბილისის აღზრდილია და შტურმის ღირსებას იცავს. ავსტრიელებმა იგრძნეს, რომ ევროპის ჩემპიონატის გამო, იგი დიდ ყურადღებას მიიპყრობდა და კონტრაქტი 2026 წლამდე გაუხანგრძლივეს. ავსტრიაში ამბობენ, რომ მისი სატრანსფერო ღირებულება 5 მილიონი ევროა, მაგრამ კიტეიშვილმა ესპანეთთან მატჩში კონტრშეტევების წამოწყების კიდევ ერთი მასტერკლასი რომ შემოგვთავაზოს, ეს თანხა საკმარისი ნამდვილად არ იქნება.
კიტეიშვილი არის ნახევარმცველი, რომელიც ორივე ფეხს კარგად იყენებს, ხაზებს შორის მოძრაობა უყვარს, მარცხენა ფლანგზე თამაში შეუძლია და მოედანზე თავდაუზოგავად მუშაობს. „როდრი საუკეთესო ფეხბურთელთა შორისაა და ესპანეთს ბევრი მაგარი მოთამაშე ჰყავს, მაგრამ ბოლო წლებში, პედრი მომწონს“, - განაცხადა კიტეიშვილმა, რომელიც კიოლნში ოცნებას აიხდენს და ბარსელონას ფეხბურთელის წინააღმდეგ ითამაშებს“, - წერს AS-ი.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთისა და საქართველოს ნაკრებების დაპირისპირება დღეს, თბილისის დროით, 23:00-ზე დაიწყება.