ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

„ტომი და ჯერი, ბეტმენი და რობინი, კვარა და მიქაუტაძე“ | Mirror-ის სტატია ჯვაროსნებზე

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ის მერვედფინალში გავიდა და საფეხბურთო სამყაროს ყურადღება მიიქცია. დღეს, „ჯვაროსნები“ ესპანეთს დაუპირისპირდებიან და ვილი სანიოლის გუნდზე უცხოურ პრესაში ბევრი საინტერესო რამ იწერება.

„საქართველოს ნაკრების მეორე სუპერვარსკვლავი, რომელიც ესპანეთის ჩამოგდებასა და ევრო 2024-ზე კიდევ ერთი შოკის მოხდენას ისახავს მიზნად“, - ასეთია ბრიტანული გამოცემის, Mirror-ის სტატიის სათაური და ალბათ მიხვდებოდით, რომ ავტორს აქცენტი გიორგი მიქაუტაძეზე აქვს.

„ტომი და ჯერი, ენტი და დეკი (ენტონი მაკპარტლინი და დეკლან დონელი, ცნობილი ბრიტანელი ტელეწამყვანები, რომლებიც ყველგან ერთად მუშაობენ), ბეტმენი და რობინი, ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი მიქაუტაძე. დიახ, ჩამოთვლილი დუეტების სახელების წარმოთქმა ერთნაირად მარტივი არაა, მაგრამ ყველა მათგანი გამოცდილი და ბრძოლაგამოვლილი წყვილია.

ბევრი ვარაუდობდა, რომ ევრო 2024-ზე, საქართველოს ნაკრები მთლიანად ხვიჩა კვარაცხელიაზე იქნებოდა დამოკიდებული. დიახ, პორტუგალიასთან მოგებულ შეხვედრაში, კვარა შთამბეჭდავი იყო, მაგრამ მას ძალიან დაეხმარა ნიჭიერი თანაგუნდელი, გიორგი მიქაუტაძე. მიქაუტაძემ გოლი ჯგუფური ეტაპის სამივე შეხვედრაში გაიტანა და პლეიოფის დაწყებამდე, ევრო 2024-ის საუკეთესო ბომბარდირთა სიაში პირველი იყო.

23 წლის ფეხბურთელმა 2023/24 წლების სეზონი ფენომენალურად ჩაამთავრა და მეცის მაისურით გამართულ 22 შეხვედრაში 14 ბურთი შეაგდო. მეცი ლიგა 1-დან გავარდა, რამაც მიქაუტაძის შენარჩუნების შანსები გაუნადგურა და ევროპის ჩემპიონატზე, გიორგის მიერ ნაჩვენებმა თამაშმა დიდი ყურადღება მიიქცია.

იწერება, რომ მის ტრანსფერთან ყველაზე ახლოს მონაკოა, თუმცა, მიქაუტაძე მილანსა და დორტმუნდსაც დაუკავშირეს. საქართველოს ნაკრებს სწორედ კვარაცხელიასა და მიქაუტაძის წყვილის იმედი ექნება, რომ კიოლნში გასამართ შეხვედრაში კიდევ ერთი შოკი მოახდინოს და ევრო 2024-ს ესპანეთი გამოთიშოს“, - წერს ბრიტანული გამოცემა.

ცნობისთვის, OPTA-ს სუპერკომპიუტერი საქართველოს ნაკრების შანსს 13,5 პროცენტით აფასებს, შესაბამისად ესპანეთის გამარჯვების შანსი 86,5 პროცენტით ფასდება. ეს ისტორიული თამაში 30 ივნისს, თბილისის დროით, 23:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
აშვეთია: თუ პორტუგალიას მოვუგეთ, რატომ არ შეიძლება დავამარცხოთ ესპანეთი?
აშვეთია: თუ პორტუგალიას მოვუგეთ, რატომ არ შეიძლება დავამარცხოთ ესპანეთი?