ბრუტალური ნოკაუტი | პერეირამ პროხაზკა მეორე რაუნდში დააფინიშა
UFC 303-ის მთავარი მოვლენა ნახევრად მძიმე წონითი დივიზიონის საჩემპიონო ბრძოლა იყო, რომელშიც ალექს პერეირა ირჟი პროხაზკას დაუპირისპირდა. „პოატანმა“ ტიტული ბრწყინვალე სტილში დაიცვა და მორიგი ბრუტალური ნოკაუტი შემოგვთავაზა.
მებრძოლებმა ფრთხილად დაიწყეს და მცირე უპირატესობას ჩემპიონი ფლობდა. პირველი რაუნდის ბოლოს, როცა გონგის ხმამდე ძალიან ცოტა დრო იყო დარჩენილი, პერეირამ პროხაზკა ნოკდაუნში გაგზავნა და „პოატანი“ მის დაფინიშებასთან ახლოს იყო, მაგრამ ირჟი რაუნდის დასრულების მაუწყებელმა სიგნალმა გადაარჩინა.
პროხაზკა საკუთარი კუთხისკენ გაემართა, მაგრამ ბარბაცებდა და ეტყობოდა, რომ ნოკდაუნმა სერიოზული ზიანი მიაყენა. მეორე რაუნდის დაწყებიდან 13 წამის შემდეგ, „პოატანმა“ ფეხით საოცარი დარტყმა განახორციელა და პროხაზკა კიდევ ერთ ნოკდაუნში აღმოჩნდა. შეხვედრის მსაჯმა, ჰერბ დინმა ჩხუბი არ გააჩერა, მაგრამ პერეირას გრაუნდ ენდ ფაუნდის შემდეგ, საქმეში ჩართვა მოუწია.
შეგახსენებთ, რომ პერეირამ კარიერაში მე-11 ბრძოლა მოიგო. მას UFC-ში მხოლოდ ერთი წაგება აქვს და საშუალო წონით დივიზიონში ასპარეზობისას, ისრაელ ადესანიამ დააფინიშა. კარიერაში იგი მხოლოდ ორჯერ დამარცხებულა და სურს, ბედი მძიმე წონაში სცადოს.