აშვეთია: თუ პორტუგალიას მოვუგეთ, რატომ არ შეიძლება დავამარცხოთ ესპანეთი?
რუსული გამოცემა Metaratings-ი ვეტერან ქართველ ფეხბურთელებს, რევაზ ჩელებაძესა და მიხეილ აშვეთიას ესაუბრა. ორივე მათგანის კომენტარი ოპტიმისტურია და ფიქრობენ, რომ საქართველოს ესპანეთის დამარცხება შეუძლია.
რევაზ ჩელებაძე: „რამდენიმე წლის წინ ამხანაგურ შეხვედრაში ესპანეთს მოვუგეთ. ვფიქრობ, თუ პენალტების სერია დაინიშნება საქართველო გაიმარჯვებს. საქართველოს ნაკრებს შეუძლია ფლეი-ოფის მიმდინარეობისას ტურნირის ფავორიტი გახდეს. ვის სჯეროდა, რომ ევრო 2004-ს საბერძნეთი მოიგებდა ? არავის, მაგრამ კონტინენტის პირველობა მოიგო. საქართველოს ჰყავს კვარაცხელია, „მკვლელი’’ მიქაუტაძე და „კედელი’’ მამარდაშვილი''.
Metaratings-ის ჟურნალისტმა მიხეილ აშვეთიას შემდეგი კითხვით მიმართა: „საქართველო 1/8-ფინალში ესპანეთთან ითამაშებს. საქართველოსთვის ეს ყველაზე რთული ოპონენტია?''
მიხეილ აშვეთია: „ახლა ამას აღარ აქვს მნიშვნელობა. ჩვენ გავედით, მთავარი ეს არის. საქართველომ პორტუგალია დაამარცხა, რატომ არ შეიძლება დავამარცხოთ ესპანეთი? ბიჭები გაბედულად თამაშობენ, არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება მეტოქე. წარმატებები ბიჭებს !''
ვილი სანიოლის გაწვრთნილი საქართველოს ნაკრები პორტუგალიასთან სენსაციური გამარჯვების შემდეგ ევრო 2024-ის მერვედფინალში გავიდა, სადაც ესპანეთს დაუპირისპირდება. შეხვედრა 30 ივნისს, 23:00 საათზე დაიწყება.