მუსიალა მიქაუტაძეს დაეწია - გერმანიამ დანიას მოუგო და 1/4 ფინალში გავიდა
ევრო 2024-ის მერვედფინალში მასპინძელი გერმანია დანიას დაუპირისპირდა და საკმაოდ მძიმე ბრძოლაში 2:0 დაამარცხა.
პირველი ტაიმის მიმდინარეობისას, ძლიერი ჭექა-ქუხილის და წვიმის გამო მატჩი შეწყდა. მომენტებს ორივე გუნდი ქმნიდა, მაგრამ ტაიმი 0:0 დასრულდა.
აღსანიშნავია, რომ მატჩის საწყის წუთებზე გერმანიას გოლი არ ჩაუთვალეს. მეორე ტაიმის საწყის წუთებზე ანდერსენმა ანგარიში გახსნა, მაგრამ თამაშგარე მდგომარეობის გამო გაუქმდა.
სულ მალე კი დანიელთა კარში პენალტი დაინიშნა. ბურთთან კაი ჰავერცი მივიდა, რომელმაც უნაკლოდ შეასრულა და ანგარიში გახსნა. დანიელებს მომენტები ჰქონდათ, მაგრამ ნოიერი მოწოდების სიმაღლეზე იყო.
68-ე წუთზე შლოტერბეკის გამოზომილი გადაცემით ჯამალ მუსიალამ ისარგებლა, გოლი გაიტანა და მატჩის საბოლოო შედეგი 2:0 დააფიქსირა.
ცნობისთვის, ბაიერნის შემტევმა მიმდინარე ევრო 2024-ზე მესამე გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში გიორგი მიქაუტაძეს გაუთანაბრდა, თუმცა ქართველ ფეხბურთელს ერთი საგოლე პასი აქვს გაკეთებული და ეს მას უპირატესობას აძლევს.
შეგახსენებთ, რომ გერმანიის ნაკრები მეოთხედფინალში ესპანეთსა და საქართველოს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
ნაგელსმანი მატჩის შემდეგ: „ძალიან უცნაური თამაში გამოვიდა. საწყის 20 წუთში ტურნირის საუკეთესო პერფორმანსი იყო. თამაში შეწყდა და განახლების შემდეგ გუნდები თავს უკეთ იცავდნენ. ჩვენ ვუთხარით ფეხბურთელებს, რომ რამდენიმე ფაზაში ყველაფერი იდეალურად არ იყო. უფრო მეტი მოთმინებით თამაში იყო საჭირო და რომ ჩვენს შანსებს უნდა დავლოდებოდით’’.