„ვინ თქვა, რომ ერთი ქართველი მთელ ესპანეთს ჯობია?“ - ლე ნორმანი მამარდას კომენტარმა გააკვირვა
ხვალ, ევროპის ჩემპიონატის 1/8 ფინალში საქართველოს ნაკრები ესპანეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.
შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, ესპანეთის ნაკრების მცველმა, რობინ ლე ნორმანმა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და მათ შორის, მამარდაშვილის კომენტარსაც გამოეხმაურა, სადაც ქართველმა მეკარემ თქვა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნევს.
რას ამბობს ლე ნორმანი:
არ ვაქცევ ყურადღებას, თუ რას ამბობენ გასახდელს მიღმა, მაგრამ საბოლოო ჯამში, ტურნირამდე ვერავინ იფიქრებდა, რომ ჩვენ ფავორიტები ვიქნებოდით, მაგრამ ახლა თქვენც ასე ფიქრობთ. საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ უნდა გავიმარჯვოთ, ცივი გონებით მივუდგეთ, ისე, როგორც ჯგუფურ ეტაპზე ვაკეთებდით. მიწაზე უნდა დავეშვათ და მაქსიმალური ყურადღებით ვითამაშოთ.
7:1? ეს ჩვენთვის მნიშნელოვანი მატჩი იყო, ამან უფრო გაგვაძლიერა. ახლა ცივი გონებით უნდა ვიფიქროთ. მაშინ ყველაფერი იდეალურად გამოგვივიდა. ხვალ კი განსხვავებული მატჩი იქნება, რადგან ეს ევროპის ჩემპიონატის 1/8 ფინალია. საკუთარი შესაძლებლობების გვჯერა, მაგრამ ვიცით, რომ რთული მატჩი იქნება. დავამტკიცეთ, რომ კარგ პერიოდში ვართ. გოლი ჯერ არ გაგვიშვია და ყველა თამაში მოვიგეთ, ამასთან, ლამაზ ფეხბურთს ვაჩვენებთ. მართალია, თავდაჯერება გვაქვს, მაგრამ თამაშს ცივი გონებით უნდა მივუდგეთ.
არ ვიცი ვინ თქვა, რომ საქართველოს ნაკრების ერთი ფეხბურთელი მთელ ესპანეთს ჯობია, ა, მეკარემ თქვა? მაშინ გასაგებია, მეგობრების მიმართ ყველას დიდი თავდაჯერებულობა აქვს. არ აქვს მნიშვნელობა, მან რა თქვა, უნდა გავამახვილოთ ყურადღება ჩვენ რას გავაკეთებთ. როგორ შევინარჩუნებთ ბურთს და როგორ შევუტევთ ჩვენს მოწინააღმდეგეს.
მიქაუტაძეს მაღალი ხარისხი აქვს და ეს ჯგუფური ეტაპის სამივე მატჩში დაამტკიცა. მის შესახებ ბევრი ვიცით. მიქაუტაძის გარდა, კიდევ არიან სახიფათო ფეხბურთელები და ვეცდებით, მაქსიმალური ყურადღებით ვიყოთ. გავესაუბრები თუ არა მიქაუტაძეს ფრანგულად? როგორც წესი, მოედანზე სხვა გუნდის ფეხბურთელებს არ ვესაუბრები.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებების დაპირისპირება 30 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე კიოლნში გაიმართება.