უშანსოდ - შვეიცარიამ იტალიას მოუგო და მეოთხედფინალში გავიდა
ევრო 2024-ის მერვედფინალში შვეიცარიამ იტალია უშანსოდ 2:0 დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა.
პირველმა ტაიმმა მთლიანად შვეიცარიის უპირატესობით წარიმართა და რომ არა დონარუმა 1-ზე მეტი გოლი გავიდოდა.
ანგარიში 37-ე წუთზე ფროილერმა გახსნა და პირველი ნახევარი 1:0 დასრულდა. მეორე ტაიმში სპალეტიმ შეტევა გააძლიერა, თუმცა 46-ე წუთზე ვარგასმა დიდებული დარტყმით სხვაობა ორამდე გაზარდა. დარტყმა იმდენად ზუსტი გამოვიდა, რომ დონარუმაც უძლური აღმოჩნდა.
ამის შემდეგ, იტალია შეტევაში გააქტიურდა, მაგრამ ღირებულს ვერაფერს ქმნიდა. მეტიც, 100%-იანი მომენტიც კი არ ჰქონდათ. დარჩენილ დროში სპალეტის შეგირდებმა საერთოდ ვერაფერი გააკეთეს და მერვედფინალიდან გავარდნენ.
შეგახსენებთ, რომ იტალიის ეროვნული ნაკრები დღევანდელ დღემდე ევროპის მოქმედი ჩემპიონი იყო. სკუადრა აძურამ ტიტული ევრო 2020-ზე დაისაკუთრა.
ცნობისთვის, მეოთხედფინალში შვეიცარია ინგლისსა და სლოვაკეთს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.