კალაძე: კვარა უნიკალურია საფეხბურთო თვისებებითა და ხარისხით
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „მილანის’’ ყოფილმა ფეხბურთელმა კახა კალაძემ ცნობილ იტალიურ გამოცემა Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუში ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრების თამაშზე ისაუბრა. ასევე, კვარაცხელიას უნიკალურობას ხაზი გაუსვა.
„ტურნირის დაწყებამდე, როცა მეტოქეების შესახებ გავიგე, ვამბობდი რომ 1/8-ფინალში გასვლაზე უნდა გვეფიქრა. მარცხის მიუხედავად პოზიტიური გუნდი დავინახე, თურქეთთან თანაბარი თამაში იყო და მატჩის ბოლოს იღბალი დაგვაკლდა, გათანაბრება შეგვეძლო.
ჩეხეთთან მატჩის ბოლოს გამარჯვების შანსი ხელიდან გავუშვით. პირველ ორ თამაშში გამოჩნდა, რომ ნაკრებმა კონცენტრაციითა და დისციპლინით ითამაშა, საგონებელში არ ჩავარდნილა. აქედან გამომდინარე, ვფიქრობდი რომ პორტუგალიასთან მიზნის მიღწევა შეგვეძლო. ეს უდიდესი სიხარულია. პოზიციურად სრულყოფილად ვითამაშეთ, კომპაქტურად ვმოქმედებდით, ერთი შეცდომა არ დაგვიშვია.
ესპანეთთან დასაკარგი არაფერი გვაქვს, გვსურს შიშის გარეშე ვითამაშოთ. შეგვიძლია კონტრშეტევებით ნებისმიერს პრობლემები შევუქმნათ.
კვარა კვარაა, უნიკალური მოთამაშე საფეხბურთო თვისებებით და ხარისხით. ტოპ მოთამაშეა საერთაშორისო დონეზე. კვარა ის ელემენტია, რომელიც იმ შესაძლებლობას გვაძლევს, რომ მეტოქეს სირთულეები შევუქმნათ. ასევე, ის არის ფეხბურთელი, რომელსაც მარტოს შეუძლია მეტოქის დაცვის ხაზი აიძულოს ყოველთვის ყურადღებითა და მზადყოფნაში იყოს. შემდეგ მიქაუტაძეს გოლის გატანის შესაძლებლობას აძლევს’’.
ვილი სანიოლის გაწვრთნილი საქართველოს ნაკრები პორტუგალიასთან სენსაციური გამარჯვების შემდეგ ევრო 2024-ის მერვედფინალში გავიდა, სადაც ესპანეთს დაუპირისპირდება. შეხვედრა 30 ივნისს, 23:00 საათზე დაიწყება.