მიქაუტაძე პრემიერ ლიგაში? - მეცს ოფიციალური წინადადებით მიმართეს
Le10sport-ის ჟურნალისტის, ალექსის ბერნარდის ინფორმაციით, „ვესტ ჰემმა’’ გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერთან დაკავშირებით ფრანგულ „მეცს’’ ოფიციალურად მიმართა. ამასთან ერთად, „ლიონი’’ წინადადებას ამზადებს და მიქაუტაძისთვის ბრძოლაში ჩართვას გეგმავს. „ლიონი’’ ის კლუბია, რომლის აკადემიიდან მიქაუტაძე გაუშვეს, თუმცა წლების შემდეგ ქართველმა ფორვარდმა შესაძლებლობები უმაღლეს დონეზე დაამტკიცა, რასაც „ლიონის’’ მხრიდან დიდი ინტერესი მოჰყვა.
გუშინ ფაბრიციო რომანო წერდა, რომ „მონაკო’’ და ფეხბურთელი სიტყვიერად შეთანხმდნენ და ახლა მხოლოდ „მეცის’’ დასტურის მოლოდინია, თუმცა თუ „ვესტ ჰემი’’ და „ლიონი’’ უფრო სარფიან წინადადებას შესთავაზებენ, შესაძლოა ვითარება შეიცვალოს და ხანგრძლივი პაუზის შემდეგ პრემიერ ლიგას ქართველი ფეხბურთელი დაუბრუნდეს. განსაკუთრებით ერთი ფაქტორია გამოსაყოფი, „მეცი’’ 20 მილიონს ითხოვს, თუმცა „ვესტ ჰემი’’ გაცილებით დიდი თანხის გადახდისთვის მზადაა. „ვესტ ჰემის'' მთავარ მწვრთნელად ხულენ ლოპეტეგი დაინიშნა, რომელიც წარსულში ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს ხელმძღვანელობდა და ზოგადად ძალიან გამოცდილი სპეციალისტია.
2009 წლის შემდეგ ქართველ ფეხბურთელს პრემიერ ლიგაში არ უთამაშია, 2008-09 წლების სეზონში „ბლექბერნში'' ზურაბ ხიზანიშვილმა ითამაშა. მას შემდეგ 15 წელი გავიდა.
ასევე შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძის დამატება კიდევ ერთი ფრანგული კლუბის, „ლანსის'' მიზანია.
გიორგი 3 გოლით მიმდინარე ევრო 2024-ის საუკეთესო ბომბარდირია. დიდია იმის ალბათობა, რომ მის მიმართ რეალური ინტერესი კიდევ არაერთ ცნობილ კლუბს გაუჩნდეს.
ვილი სანიოლის გაწვრთნილი საქართველოს ნაკრები სენსაციურად ევრო 2024-ის მერვედფინალში გავიდა, სადაც ესპანეთს დაუპირისპირდება. შეხვედრა 30 ივნისს, 23:00 საათზე დაიწყება.