250 მილიონი იამალისთვის - პსჟ შეთავაზებას ამზადებს
თანამედროვე ფეხბურთში 16 წლის ლამინ იამალი ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ფეხბურთელად ითვლება. ის უკვე ბარსელონას შეუცვლელი წევრია და როგორც ჩანს მასზე ნადირობა დაიწყო.
ავტორიტეტული გამოცემის, OneFootball-ის ინფორმაციით, პარი სენ ჟერმენმა იამალისთვის 250 მილიონი ევრო გაამზადა და სულ მალე ოფიციალურ შეთავაზებას აპირებს. შეგახსენებთ, რომ ისტორიაში ყველაზე მეტი ნეიმარში აქვთ გადახდილი. 222 მილიონი ევრო პარი სენ ჟერმენმა 2017 წელს გადაიხადა.
ჯერჯერობით ბარსელონას პოზიცია უცნობია. გავრცელებული ინფორმაციით, ლამინს შემდეგი სეზონიდან 10-ნომრიან მაისურს მისცემენ და რთულად სავარაუდოა, რომ ბლაუგრანამ ის გაყიდოს.
ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კატალონიურ გრანდს სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვს და ახლა მათთვის 250 მილიონი ევრო ბევრი პრობლემის მოგვარების გარანტიაა.
შეგახსენებთ, რომ ამ მომენტისთვის იამალი ევრო 2024-ზე ესპანეთის ნაკრებთან ერთად იმყოფება და ახალი რეკორდი დაამყარა. ის გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე საგოლე პასი გააკეთა.