სირაძე: „პორტუგალიას თუ ვაჯობეთ, ესპანეთის დამარცხებაც შეგვიძლია
ესპანეთთან მერვედფინალური მატჩის მოახლოებასთან ერთად, როგორც ქართველი გულშემატკივრების, ასევე საქართველოს ნაკრების ვეტერანი მოთამაშეების მოლოდინი იზრდება. თითოეული მათგანის მოლოდინი ოპტიმისტურია და ბუნებრივია ასე ფიქრობს დავით სირაძეც, რომელიც ეროვნულ გუნდში მუდამ თავდაუზოგავი და სტაბილურად კარგი თამაშით გამოირჩეოდა. ვეტერანმა მოთამაშემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა.
რა თქვა სირაძემ
 
ჩვენ უკვე დავამტკიცეთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე თამაშს ვიმსახურებდით. მერვედფინალში ვართ და ეს იმის მიმანიშნებელია, რომ არ ვართ ადვილად დასამარცხებელი გუნდი. კარგი თამაშის მოლოდინი მაქვს, მჯერა რომ ჩვენი ბიჭები წარმატებას მიაღწევენ.
 
მატჩის წინ ხმაურიანი განცხადებები მუდამ კეთდება და ნაჩოს სიტყვებმა არავინ უნდა გააღიზიანოს. ყველამ დავიჯეროთ და მეც მჯერა, რომ მამარდაშვილიდან დაწყებული მიქაუტაძეთი დამთავრებული, ბიჭები კარგი ასპარეზობით გაგვახარებენ.
 
მამარდაშვილი წლებია ლა ლიგაში გამოდის და იცის ყველა მოთამაშის შესაძლებლობები და თანაგუნდელებსაც მოუყვება ესპანელების როგორც სუსტ, ასევე ძლიერ მხარეებზე. იმედი მაქვს გიორგი კარს კვლავაც მშრალად შეინახავს.
 
სადებიუტო კონტინენტის პირველობაზე ამ სამ თამაშში ბიჭებმა დიდი გამოცდილება მიიღეს. ყველაფერი შესაძლებელია, რატომაც არა. გვაქვს ამბიცია, რომ როგორც პორტუგალიას მოვუგეთ, ასევე დავამარცხოთ ესპანეთის ნაკრები.
 
ნაკრების წევრებზე დადებითად აისახება ეს ტურნირი, მაგრამ ევროპისკენ გზა იმ ახალგაზრდებსაც გაეხსნებათ, რომლებიც შიდა ჩემპიონატში გამოდიან.
საკლუბო კარიერის მანძილზე დავით სირაძეს თბილისის „ლოკომოტივში“, „უნიონ ბერლინში“, ტრირის „აინტრახტში“, „აუეში“, „პადერბორნში“, ნალჩიკის „სპარტაკში“, ბოლნისის „სიონსა“ და ჩიზინაუს „დაჩიაში“ გამოდიოდა. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში კი 2004-2011 წლებში გამართულ 28 მატჩში 8 გოლით გამოიჩინა თავი.