„ევრო 2024 უკვე მოვიგეთ, დასაკარგი არაფერი გვაქვს“ - სანიოლი ესპანეთთან მატჩზე
ხვალ, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.
შეხვედრამდე ერთი დღით ადრე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
რა თქვა სანიოლმა:
პორტუგალიასთან გამარჯვება ძალიან ემოციური მომენტი იყო. ზოგადად, ჯგუფიდან გასვლა არ იყო მოსალოდნელი და გვიხარია, რომ ეს შევძელით. 4 დღე გვქონდა აღსადგენად, მაგრამ უმჯობესი იქნებოდა, რომ 6 დღე ყოფილიყო. დარწმუნებული ვარ, რომ ფეხბურთელებმა ძალები აღიდგინეს და ხვალინდელი მატჩისთვის მზად არიან.
ესპანეთთან 7:1 მარცხი? ეს ჩვენთვის რთული მომენტი იყო, მაგრამ ცხოვრებაში წინ რომ წახვიდე, ასეთი მომენტები გჭირდება. ასეთი რთული მომენტები სისუსტეებს ავლენს და ეს განვლილი გზის ერთ-ერთი ნაწილია. დღეს, აქ რომ ვართ, შესაძლოა ამ 7:1-ის დამსახურებაც იყოს, ამისგან ბევრი ვისწავლეთ.
ესპანეთს კარგად ვიცნობთ. ბოლო სამ წელში ოთხჯერ ვითამაშეთ და ოთხივეჯერ დავმარცხდით, მაგრამ ხვალ რადიკალურად განსხვავებული შეხვედრა იქნება. ესპანეთს გოლი არ გაუშვია და საუკეთესო გუნდია ტურნირზე. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის ეს საკმაოდ რთული მატჩი იქნება. ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
გავიცანი თუ არა საქართველო? მარტივი იქნება იმის თქმა, რომ ჩვენ ბოლოს კარგ შედეგებს მივაღწიეთ, მაგრამ როდესაც საქართველოში ჩამოვედი და ქვეყნის შესახებ არაფერი ვიცოდი. მხოლოდ სამ ადამიანს ვიცნობდი. ცოტა დრო დამჭირდა, რომ ქვეყნის შესახებ რაღაცები გამეგო, ახლა კი თითქოს ვიპოვე ჩემი პოზიცია და მოვალეობა. საქართველოში ყოველთვის დიდ დროს ვატარებ და როდესაც თბილისში ჩამოვდივარ, უბედნიერესი ვარ. ზოგადად, სადაც ხარ, უნდა მოგწონდეს და კარგად იყო, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქმეს კარგად ვერ შეასრულებ.
რისკი ესპანეთთან? ვერ ეტყვი ფეხბურთელებს, რომ არ გარისკონ. ამ ეტაპზე, პლეი-ოფის სტადიაზე განსხვავებული დატვირთვაა. მე და ფეხბურთელები დიდი ხანია ერთმანეთს ვიცნობთ და იციან, როგორც ვმუშაობთ. დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ დაცვას და დისციპლინას. როდესაც ბურთი ექნებათ, კარგად უნდა გათვალონ, რა გააკეთონ. უნდა ითამაშონ გრძნობებით და გამოცდილებით. ეს კარგად ესადაგება საქართველოს კულტურას, რადგან ყველა დიდი ემოციით თამაშობს. ემოციებისა და დისციპლინის სწორი ნაზავი სწორედ პორტუგალიასთან მატჩში ვნახე და იმედი მაქვს, რომ ესპანეთთანაც ასე იქნება.
მოტივაცია? ამისთვის გუნდს მე არ ვჭირდები. აქ ყოფნა უკვე დიდი მოტივაციაა. დამატებითი სიტყვები აღარ არის საჭირო. ჩემგან უფრო ჩემი მენტალიტეტი, ანუ სიმშვიდე სჭირდებათ. სწორი ბალანსი ასე იქმნება.
ესპანეთი და პორტუგალია დიდი გუნდები არიან. მხოლოდ იმაზე თუ ვიფიქრეთ, რომ თავი დავიცვათ, მაშინ არაფერი გამოგვივა. გვინდა ყველას ვაჩვენოთ, რომ მხოლოდ დაცვაში არ ვთამაშობთ. პორტუგალიასთან რიგ ეპიზოდებში ბურთს კარგად ვაკონტროლებდით და სახიფათო მომენტებიც შევქმენით, იმედი მაქვს, ხვალაც ასე იქნება.
საფრთხეს შესაძლოა ყველა მხარიდან ველოდოთ. მათ ძალიან ძლიერი ფეხბურთელები ჰყავთ. მაგალითად იამალი, რომელიც ბოლო წლებში საგრძნობლად განვითარდა. ის მხოლოდ 16 წლისაა და როდესაც მისი ასაკის ვიყავი, მას საკმაოდ ჩამოვრჩებოდი სათამაშო ხარისხით. მეტოქეს ყველა პოზიციაზე შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავს როგორც ინდივიდუალურად, ისე გუნდურად.
ჩემი გადაწყვეტილებები და პოზიციის ცვლილებები? ეს ჩემი საქმის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ნაწილია. ვალდებული ვარ, რომ გადაწყვეტილებები მივიღო. თუ ეს გადაწყვეტილებები გუნდს სწორად ეხმარება, მაშინ მე ბედნიერი მწვრთნელი ვარ. საქართველოში ბევრი კარგი ფეხბურთელი ვარ და ყველა გადაწყვეტილება მხოლოდ გუნდისთვის იქნება მიღებული. მიხარია, რომ ფეხბურთელები მომყვებიან. რეალურად, ჩვენ უკვე მოვიგეთ ევრო 2024. დასაკარგი არაფერი გვაქვს და მოედანზე საბრძოლველად გავალთ.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთისა და საქართველოს ნაკრებების დაპირისპირება კიოლნში, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.