ბოლო სპარინგი ლატვიასთან მატჩამდე - კალათბურთელებმა ეგვიპტე დაამარცხეს
ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადება საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ეგვიპტის ეროვნულ გუნდთან საკონტროლო შეხვედრით დაასრულა და მეტოქე 32-ქულიანი სხვაობით, 78:46 დაამარცხა. იქამდე კი იყო იტალიელებთან და კამერუნელებთან გამართული ამხანაგური მატჩები, რომელიც ალექსანდრ ჯიკიჩის მომზადებულმა გუნდმა დათმო, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ეს თამაშები უფრო მოსამზადებელ ხასიათს ატარებდა, საბოლოო შედეგს დიდი მნიშვნელობა არ ენიჭებოდა.
ეგვიპტელებთან მატჩში არ უთამაშია ნაკრების კაპიტანს თორნიკე შენგელიას, რომელმაც კამერუნელებთან ფეხის კუნთი იტკინა და სამედიცინო შტაბთან კონსულტაციის შემდეგ, გუნდის ლიდერის დასვენება გადაწყდა. გამარჯვებულებს შორის ყველაზე შედეგიანი გიორგი კორსანტია იყო, რომელმაც ნაკრებში თავისი საუკეთესო მატჩი ჩაატარა, 16 ქულასთან ერთად 9 მოხსნა დააგროვა და ორმაგ დუბლამდე მცირედი დააკლდა. კიდევ ერთი ქულის და ერთი მოხსნის დაგროვების შემთხვევაში ორმაგი დუბლი იქნებოდა სანდრო მამუკელაშვილის ანგარიშზე, რომელმაც 9 ქულა მიითვალა და 9-ჯერ მოხსნა ფარიდან ასხლეტილი ბურთი. კორსანტიას გარდა, 10-ქულიან ზღვარს ქართველი კალათბურთელებიდან გოგა ბითაძე გადასცდა, რომლის ანგარიშზეც 13 ქულა იყო. 16 წლის ავთანდილ ბახტაძემ კი, რომლის დებიუტიც შედგა ნაკრებში, 2 წუთში 2 ქულა მიითვალა.
ეროვნული ნაკრები დღეს იურმალადან რიგაში გაემგზავრება, სადაც პარიზის ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო ეტაპში ჩაერთვება. 2 ივლისს ჯიკიჩის მომზადებული გუნდის მეტოქე მინი ტურნირის მასპინძელი ლატვიის ნაკრები იქნება, 4 ივლისს კი ქართველი კალათბურთელები ფილიპინებს დაუპირისპირდებიან.