„საქართველო ყველაზე ერთიანია“ - სტატია ქართველ ფეხბურთელებსა და ჟურნალისტებზე
„ქართველი ჟურნალისტებისთვის საქართველოს ნაკრების მატჩების ყურებას პროფესიულ დისტანციასთან საერთო არაფერი აქვს და თუ რატომ არ შეიძლება მათი დადანაშაულება, ამაზე მოგიყვებით“ - ასე იწყება ავტორიტეტულ გერმანულ ვებ-გვერდ Kicker-ზე გამოქვეყნებული სტატია ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტსა და უკვე ტურნირის მთავარ სენსაციაზე. სტატიის ავტორი აღიარებს, რომ ქართული ერთი სიტყვაც არ იცის და ვერც შარშან ისწავლა, როდესაც თბილისში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გასაშუქებლად იყო ჩამოსული. ის ასევე ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ქართული მედიის წარმომადგენლები ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების მიმართ დადებითად არიან განწყობილები და მათ კრიტიკას ერიდებიან, რისი საფუძველიც მიმდინარე ევროპირველობიდან გამომდინარე, პრაქტიკულად არ არსებობს.
მცირე შესავლის შემდეგ, განხილულია საქართველოს ნაკრების მიერ გამართული მატჩების სტენოგრამული ხასიათის ანალიზი, რის შემდეგაც აღწერილია იმ თბილი დამოკიდებულების შესახებ, რომლითაც ქართველი ჟურნალისტები საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების მიმართ გამოირჩევიან.
რას წერს Kicker-ი
როდესაც გიორგი მამარდაშვილი ჩეხეთთან მატჩის დასრულების შემდეგ ტრიბუნებისგან წავიდა, იქვე ახლოს მდგომი მედიის წარმომადგენლები მას საოცარი სიყვარულით ამხნევებდნენ. საპრესკონფერენციო დარბაზში შესულ გუნდის მეკარესა და მთავარ მწვრთნელს ვილი სანიოლს კი, ქართველმა ჟურნალისტებმა შეკითხვები მხოლოდ მას შემდეგ დაუსვეს, როდესაც ისინი დამსახურებული აპლოდისმენტებით დააჯილდოვეს.
რაც შეეხება ეგრეთწოდებულ შერეულ ზონას, სადაც ჩვენ მოთამაშეებთან გასაუბრებისა და მათთან ინტერვიუების ჩაწერის საშუალება გვეძლევა, საოცარი სანახავი იყო ავტობუსში ჩასხდომის წინ, ნაკრების ფეხბურთელებისა და ჟურნალისტების თბილი გასაუბრება, როგორიც მე არსად მინახავს. ამ ქალაქში ასევე გაიმართა ნიდერლანდები-პოლონეთისა და ალბანეთი - ხორვატიის მატჩები, მაგრამ იქ ფეხბურთელები და მედიელები მკაცრად განსაზღვრული ეტიკეტური ურთიერთობით იფარგლებოდნენ.
შეიძლება ზოგისთვის ეს გამაღიზიანებელი იყოს, მაგრამ პირადად ჩემთვის ერთიანობის ნიშანია და ვინ იცის, იქნებ საქართველო წარმატებას სწორედ ამის ხარჯზეც აღწევდეს. მწვრთნელები, ფეხბურთელები და ჟურნალისტები თითქოს ერთი მთლიანი ორგანიზმია და მათ ამის გამო ვერ ვუსაყვედურებთ, რადგან შესაძლოა მათი ქვეყნის ნაკრებს ისტორიაში მომდევნო დიდ ტურნირზე გასვლისთვის ლოდინი ისევ ხანგრძლივი პერიოდით მოუწიოს.
საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე წარმატებული სვლის გაგრძელებას მერვედფინალში ესპანეთის დამარცხებით შეეცდება. შეხვედრას 30 ივნისს, კიოლნის „რაინ ენერგი სთედიუმი“ უმასპინძლებს და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.