მანჩესტერ სიტი: “საქართველოსთან ჩვენი კავშირი ათწლეულებია გრძელდება“
საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ზე წარმატებულად ასპარეზობს. როგორც მოგეხსენებათ, გიორგი ქინქლაძე კარიერის საუკეთესო წლებში მანჩესტერ სიტიში თამაშობდა.
დღეს კი ქალაქელების ოფიციალური ვებ-გვერდი საქართველოსთან კავშირზე, გიორგი ქინქლაძეზე, კახაბერ ცხადაძეზე და მურთაზ შელიაზე საინტერესო სტატიას გვთავაზობს.
„საქართველომ უდავოდ დაიპყრო ევრო 2024-სკენ მიმართული ნებისმიერი ადამიანის ფანტაზია. ერი, სადაც 4 მილიონზე ნაკლები ადამიანი ცხოვრობს და FIFA-ს რეიტინგში 74-ე ადგილს იკავებს, ევროპის ჩემპიონატზე სულ სხვა გუნდად გარდაიქმნა. საქართველომ პორტუგალია 2:0 დაამარცხა და მერვედფინალში ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. თუმცა ჰკითხეთ მანჩესტერ სიტის გულშემატკივრებს და ისინი აუცილებლად გეტყვიან, რომ მათ გულებში საქართველოს ადგილი უკვე ჰქონდა.
ეს იმიტომ, რომ არცერთ ინგლისურ კლუბს არ ჰყოლია იმაზე მეტი ქართველი ფეხბურთელი, ვიდრე სიტის. ჩვენი კავშირი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანასთან სამ ათწლეულზე მეტია გრძელდება. ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც მანჩესტერ სიტის წარმომადგენელმა 21 წლის ნიჭიერი ტალანტი გიორგი ქინქლაძე აღმოაჩინა და ამის შესახებ გუნდს შეატყობინა. მხარეებს შორის სიტყვიერი შეთანხმება შედგა, თუმცა თბილისურ კლუბს გარიგებაზე უარის თქმა თავისუფლად შეეძლო.
ცოტა ხნის შემდეგ, საქართველომ უელსი 5:0 დაამარცხა და ქინქლაძემ გოლი გაიტანა. სკაუტებმა მის შესახებ ინფორმაციის მოძიება დაიწყეს და მისი სათამაშო სტილი დიეგო მარადონას სტილს შეადარეს. ისტორიის თანახმად, კარდიფში 1996 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის საქართველოსთან მეორე მატჩის საყურებლად კოლინ ბელი და ტონი ბუკი წავიდნენ. უელსი ყაველაშვილთან უხეშობის გამო 10 ფეხბურთელით დარჩა.
73-ე წუთისთვის უელსი უკვე ძალიან წვალობდა, რა დროსაც ბურთი გიორგი ქინქლაძემ მიიღო. იმ დროს ანგარიში 0:0 იყო. ბრწყინვალე ქართველმა ნევილ საუთჰოლს 25 მეტრიდან დაურტყა და გაუტანა!! საქართველომ მოიგო..
მანჩესტერ სიტის სკაუტები ინგლისში დაბრუნდნენ და გუნდის ხელმძღვანელობას დაუყოვნებლივ ქინქლაძის ყიდვა ურჩიეს. გიორგის ტრანსფერისთვის 2 მილიონი ევრო გამოიყო. ჩვენი გუნდის ახალი მწვრთნელი ამბობდა, რომ ქართველი ფეხბურთელის სანახავად გულშემატკივრები სტადიონს მოაწყდებოდნენ.
„ქინქი“ - ამ მეტსახელის მქონე ფეხბურთელი სიტის გულშემატკივრებში ძალიან მალე გახდა პოპულარული. მასში აღმოაჩინეს ჯადოსნური ნიჭი, რომელსაც ერთი შეხედვით შეუძლებელი გრაციოზულობა და არარეალური ცრუ მოძრაობების გაკეთება შეუძლია. ქინქლაძე ყველას შეუყვარდა.. მან საუთჰემპტონის წინააღმდეგ გაიტანა გოლი, რომლის მსგავსი „მეინ როუდზე“ არავის ჰქონდა ნანახი..
გიორგის ასეთმა თამაშმა სელტიკის, ლივერპულისა და ბარსელონას ინტერესი გამოიწვია. ამის პარალელურად გუნდის ხელმძღვანელობას მისი დარჩენა სურდა. ლიმ საინტერესო გადაწყვეტილება მიიღო. ქინქის დარჩენის მიზნით გუნდში მიხეილ ყაველაშვილი ჩამოიყვანა, რომელმაც ვარჯიში მარტში დაიწყო. ყაველაშვილის დებიუტი მანჩესტერ იუნაიტედის წინააღმდეგ შედგა და მან აღიშნულ შეხვედრაში ანგარიში გაათანაბრა.
ქინქლაძის დიდებული თამაშის მიუხედავად, მანჩესტერ სიტი სეზონის ბოლოს პრემიერ ლიგიდან მაინც გავარდა.
ფრანი ლისთან კარგმა ურთიერთობამ ქინქლაძე მანჩესტერ სიტიში დატოვა. მიზნად პირველივე წელს პრემიერ ლიგაში დაბრუნება დაისახა..
რამდენიმე წლის შემდეგ, გიორგიმ თქვა:
„ეს რთული იყო. სიმართლეა, რომ წასვლის შანსი მქონდა. ჩემი გადაბირება ბარსელონას სურდა, მაგრამ ვერ წავედი. მინდოდა მანჩესტერ სიტის პრემიერ ლიგაში დაბრუნებაში დავხმარებოდი და ამ მიზნით დავრჩი.“
ყაველაშვილიც დარჩა, მაგრამ მისი თამაში მანჩესტერ სიტიზე გავლენას ვერ ახდენდა და ვერაფერში ეხმარებოდა.
იქმნებოდა ასოციაცია, რომ თუ ქინქის შეაჩერებდი, მაშინ მანჩესტერ სიტისაც გააჩერებდი. სამწუხაროდ 1996/1997 წლების სეზონის ფინალურ მატჩში რედინგის წინააღმდეგ გიორგიმ ტრავმის გამო ვერ ითამაშა. სტადიონზე კი გულშემატკივრებმა საოცარი გარემო შექმნეს. ისინი საქართველოს დროშით მივიდნენ და მას უმღეროდნენ. ელექტრონულ ბანერზე კი ეწერა: „არ წახვიდე გიო“!
როდესაც მანჩესტერ სიტიმ 3:2 მოიგო, ქინქლაძე „მეინ როუდზე“ იმყოფებოდა და იქმნებოდა ისეთი სიტუაცია თითქოს გიორგის უსამართლოდ აკავებდნენ გუნდში. გონებაში ყველა ერთ კითხვას სვამდა: „როგორ შეუძლია ქინქის ამ სიყვარულს ზურგი აქციოს?“
ამას ქართველი ფეხბურთელი გრძნობდა და მანჩესტერ სიტიში კიდევ ერთი სეზონით დარჩენას დათანხმდა..
ყაველაშვილის ექსპერიმენტმა არ გაამართლა. 29 მატჩში მხოლოდ 3 გოლი გაიტანა. 1997/98 წლების სეზონის პირველი ნაწილი მწვრთნელ ფრენკ კლარკთან ერთად საშინელი იყო. პირველ 20 თამაშში მხოლოდ 5 მოგება..
წარუმატებელი თამაშის გამო, ყაველაშვილი იჯარის წესით ციურიხის გრასჰოპერსში გაუშვეს. წლის ბოლოს მანჩესტერში კიდევ ორი ფეხბურთელი ჩამოვიდა, ორივე ცენტრალური მცველი. პირველი მურთაზ შელია იყო, ხოლო მეორე 6 კვირის შემდეგ კახაბერ ცხადაძე.
ორივე ფეხბურთელი შესანიშნავ დამატებად მოინათლა. მათ დიდი გამოცდილება ჰქონდათ და ინგლისის მეორე ლიგას ბრწყინვალედ აუღეს ალღო. მიუხედავად ამისა, ვერც ქართველმა ცენტრალურმა მცველებმა და ვერც გიორგი ქინქლაძემ, მანჩესტერ სიტი მესამე ლიგაში გავარდნისგან ვერ იხსნეს. ეს ისტორიაში პირველად მოხდა.
ქინქის ერთგულება ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ჯო როილმა ვერ დააფასა. ქართველი ფეხბურთელი ამსტერდამის აიაქსში გადავიდა, შემდეგ კი დერბი ქაუნთიში, თუმცა მას აღარასდროს ჰქონია ისეთი დიდებული სეზონი, როგორიც პირველ მანჩესტერულ წელს „მეინ როუდზე“ ჰქონდა..
1998/99 წლების სეზონში მანჩესტერ სიტის 2 ქართველი ფეხბურთელი დარჩა, თუმცა არც მათი სიტუაცია განვითარდა დადებითად. „ჰაერის არწივმა“ კახაბერ ცხადაძემ სეზონის დასაწყისში უმძიმესი ტრავმა მიიღო. მსგავსი რამ მოხდა შელიას შემთხვევაშიც.. ამის შემდეგ კი არცერთს მანჩესტერ სიტის შემადგენლობაში აღარ უთამაშია.
ათეული წლები გავიდა და მანჩესტერ სიტიში ქართველ ფეხბურთელს აღარ უთამაშია, მაგრამ გუნდის ასაკოვანი გულშემატკივრები ქართველების პერიოდს დღესაც დადებითად იხსენებენ..