ქართული კლასიკო ფინალში - სუპერთასისთვის დინამო და ტორპედო იბრძოლებენ
5-წლიანი პაუზის შემდეგ, „ტორპედო“ საქართველოს სლავა მეტრეველის სახელობის სუპერ თასის ფინალში ითამაშებს, სადაც ტიტულისთვის ყველაზე პრინციპულ მეტოქეს, ქუთაისის „ტორპედოს“ დაუპირისპირდება. ქუთაისელებმა გადამწყვეტ შეხვედრაში ასპარეზობის უფლება ბათუმში ადგილობრივი „დინამოს“ დამარცხების შედეგად მოიპოვეს. ძირითადი დრო ფრედ, 3:3 დასრულდა, 11-მეტრიანების სერიაში კი სტუმრებმა 3:2 გაიმარჯვეს.
ანგარიში მე-12 წუთზე ვლადიმერ მამუჩაშვილმა პენალტით გახსნა, რომელიც მთავარმა არბიტრმა ალეკო აფციაურმა ვიდერეფერისთან გადამოწმების შემდეგ დანიშნა. შვიდ წუთში „ტორპედოს“ საუკეთესო ბომბარდირმა ბიორნ იონსენმა მეკარე ლუკა ხარატიშვილის შეცდომით ისარგებლა და წონასწორობა აღადგინა. 25-ე წუთზე მარას პასი პაატა ღუდუშაურმა გამოიყენა და მასპინძლები შესვენებაზე დაწინაურებულები გავიდნენ.
მეორე ტაიმში იონსენმა კუთხურიდან მოწოდებულ ბურთს ზუსტი თავური დარტყმა მიაყოლა და ანგარიში კიდევ ერთხელ გაათანაბრა. თუმცა, მის მსგავსად დუბლი ღუდუშაურმაც შეასრულა და 84-ე წუთზე მოქმედი ჩემპიონი წინ მესამედ გავიდა, რის შემდეგაც თითქოს მათ გამარჯვებას საფრთხე აღარ უნდა დამუქრებოდა, მაგრამ არბიტრის მიერ კომპენსირებულ დროში ისევ იონსენმა იაქტიურად და მისი საგოლე პასით ჟორჟინიომ გამოიჩინა თავი.
ფორმატის თანახმად, ყოველგვარი ოვერტაიმის გარეშე 11-მეტრიანი დარტყმების სერია დაინიშნა, სადაც ქუთაისელებმა 3:2 გაიმარჯვეს. „ტორპედოს“ რიგებში ბიორნ იონსენმა, ფელიპე პირესმა და გიორგი არაბიძემ შეასრულეს. „დინამო თბილისი“ - „ტორპედოს“ სუპერთასის ფინალის თარიღი უახლოეს მომავალში დადგინდება.