ნაგელსმანი: „ამ ფორმატის სისწორეში საქართველომ დამარწმუნა“
2016 წლიდან ევროპის ჩემპიონატზე გუნდების რაოდენობა თექვსმეტიდან ოცდაოთხამდე გაიზარდა, რასაც თავდაპირველად ბევრი არ ეთანხმებოდა, თუმცა რაც დრო გადის, მით უფრო მტკიცდება ის, რომ ახალი რეგლამენტი უზომოდ საინტერესოა, რომელიც განსაკუთრებით დაძაბულს და სანახაობრივს ჯგუფური ეტაპის ბოლო, მესამე ტურის შეხვედრებს ხდის. ასეთივე აზრზეა გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იულიან ნაგელსმანი, რომელმაც Sky Spors-თან ინტერვიუში საქართველოს ეროვნული გუნდიც ახსენა.
რა თქვა ნაგელსმანმა
არ ვფიქრობ იმას, რომ 16-გუნდიანი ფორმატი უნდა დაბრუნდეს. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პატარა ქვეყნების ნაკრებებმა ასეთი დონის ტურნირებში მონაწილეობა მიიღონ, რათა ევროპის პირველობა კიდევ უფრო მიმზიდველი, საინტერესო და დაძაბული გახდეს.
ადრე ამასთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული მოსაზრება არ მქონდა, მაგრამ საქართველოს ნაკრების თამაშმა დამარწმუნა, რომ უეფამ რვა წლის წინ სწორი გადაწყვეტილება მიიღო. ქართველები მატჩიდან მატჩამდე ხარისხს აუმჯობესებენ და მათთვის თვალყურის დევნება სასიამოვნოა.
სამ ტურში დაგროვებული ოთხი ქულით საქართველოს ეროვნულმა გუნდმა მესამე ადგილი დაიკავა და მერვედფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე ევროპის 3-გზის ჩემპიონი ესპანეთი იქნება. თუ ქართველები „ფურია როხას“ დაამარცხებენ, ხოლო გერმანელები დანიელებს აჯობებენ, მეოთხედფინალში ნაგელსმანი სწორედ მის მიერ ნაქებ ჩვენი ქვეყნის გუნდს დაუპირისპირდება.