ჯანაშია: „კვარა რეალის და ბარსელონას დონისაა“
ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი ზაზა ჯანაშია ევროპის ჩემპიონატის მიმდინარეობისას, სხვადასხვა ქვეყნის სპორტულ მედიასთან აქტიურ კომუნიკაციაშია და საქართველოს ნაკრების ყოველი მატჩის დასრულების შემდეგ, საინტერესო კომენტარებს აკეთებს. ამჯერად მან აქცენტი პორტუგალიელებთან შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ აღიარებულ ხვიჩა კვარაცხელიაზე გააკეთა და მის მიმართ კომპლიმენტები არ დაიშურა.
რა თქვა ჯანაშიამ
ცოტა ხანს მის ნაკრებში ბრწყინვალე ასპარეზობას რომ თავი დავანებოთ, მხოლოდ იმიტომ არის უმაღლესი კლასის ოსტატი, რომ ყველასთვის რთულად სათამაშო იტალიის სერია A-ში მეორე სეზონია საოცარ დონეზე გამოდის.
სწორედ ამის გამოძახილია ის მკაცრი მეურვეობა, რასაც საქართველოს ნაკრების თითოეული მეტოქე გუნდის მცველები მას უწესებენ, რის გამოც ხანდახან უჭირს, მაგრამ სამაგიეროდ, ამით მისი პარტნიორები კარგად სარგებლობენ.
სად შეძლებს კიდევ თავის გამოჩენას ხვიჩა? ის „რეალისა“ და „ბარსელონას“ დონის მოთამაშეა და თუ კასტილიური, ან კატალონიური გრანდი მას დაიმატებს, ნამდვილად არ ინანებს და ესპანეთის ლა ლიგას კიდევ ერთი ინდივიდუალისტი შეემატება.
ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიდან“ წასვლის თაობაზე ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე ინფორმაციები სისტემატურად ვრცელდებოდა, თუმცა პარტენოპეის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ განაცხადა, რომ 23 წლის ქართველ ფეხბურთელზე უდიდეს იმედებს ამყარებს და ხვიჩას ტრანსფერს ვეტო პირადად მან დაადო.