„მხოლოდ გოლის გასატანად იყო გამოსული“ - ლინეკერი ქართველებთან რონალდუს თამაშზე
პორტუგალიის ნაკრების საქართველოს ეროვნულ გუნდთან დამარცხება ყველამ უდიდეს სენსაციად შერაცხა, კრიშტიანუ რონალდუს უსუსური თამაში კი ცალკე განხილვის საგნად იქცა. პორტუგალიელების 39 წლის კაპიტანზე საკმაოდ საინტერესო მოსაზრება ლეგენდარულმა ინგლისელმა ფორვარდმა გარი ლინეკერმა გამოთქვა, რომელიც წლებია ერთ-ერთ ტელევიზიაში საფეხბურთო ექსპერტად მუშაობს.
რა თქვა ლინეკერმა
როდესაც პორტუგალიელების შემადგენლობა ვნახე, იქ რონალდუს ნახვა ძალიან გამიკვირდა. რობერტო მარტინესი ნახევარზე მეტ გუნდს ასვენებდა და მაინცდამაინც 39 წლის კრიშტიანუ არ დაასვენა.
მოგვიანებით, უეინ რუნის ვესაუბრე და რონალდუს ძირითადში ყოფნის მიზეზი მან ამიხსნა - უეინმა ივარაუდა, რომ კრიშტიანუ თავად მოითხოვდა თამაშს, რადგან საწყის ორ ტურში უგოლოდ იყო და ბუნებრივია, საგოლე აქტივის გახსნა სურდა.
საერთო ჯამში მისი ასპარეზობა რომ შევაფასოთ, არბიტრთან კამათის გარდა, ბევრი არაფერი გაუკეთებია. მარტინესი კი სწორად მოიქცა, როდესაც კრიშტიანუ შეცვალა, რადგან ყვითელი ბარათი ჰქონდა და იმდენად გაბრაზებული იყო, მისი მართვა შეუძლებელი ხდებოდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიელთა დამარცხებით ისტორიაში თავისთვის სადებიუტო კონტინენტის პირველობაზე მერვედფინალის საგზური მოიპოვა. კრიშტიანუ რონალდუს კარიერაში კი პირველად მოხდა, რომ მან რომელიმე ევროპის, ან მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი გატანილი გოლის გარეშე დაასრულა.