ხვიჩა კვარაცხელია, აურელიო დე ლაურენტისი, მამუკა ჯუღელი
Aa
Aa

ახალ გუნდს შენს გარშემო ავაშენებთ - კვარა-ლაურენტისის შეხვედრა და 1 უცნაური ფაქტი

„ნაპოლის’’ ოფიციალური რადიოს, Kiss Kiss Napoli-ს დირექტორმა ვალტერ დე მაჯომ გადაცემა Radio Goal-ში სტუმრობისას აურელიო დე ლაურენტისისა და ხვიჩა კვარაცხელიას შეხვედრაზე ისაუბრა. ლაურენტისი თავის მხარესთან ერთად კვარასთან შეხვედრისთვის გერმანიაში გაემგზავრა, თუმცა შეხვედრა კვლავ უშედეგო გამოვიდა, მხარეები არ შეთანხმებულან. 

„შეხვედრას „ნაპოლის'' მმართველი აურელიო დე ლაურენტისი, სპორტული დირექტორი ჯოვანი მანა, აღმასრულებელი დირექტორი ანდრეა კიაველი, კვარა და მისი მენეჯერი ესწრებოდნენ. შეხვედრა საკმაოდ მეგობრული გამოვიდა, მხიარული მომენტიც ახლდა, საუბრის მიმდინარეობისას ახალგაზრდა ქართველი ბარიტონი შემოვიდა და სიმღერა იტალიურად დაიწყო, რასაც ბევრი სიცილი მოჰყვა.

ჯოვანი მანამ კვარას უთხრა, რომ მისი გაყიდვა არ განიხილება, ის არ იყიდება. შემდეგ საქმეზე ლაურენტისიც გადავიდა, მან კვარას მიმართა: „კონტეს ვესაუბრე, მას შენი დარჩენა სურს, მისი ახალი პროექტის ცენტრში იქნები, „ნაპოლის’’ შენს გარშემო ავაშენებთ''. კვარა ლაურენტისის სიტყვებს ღიმილით შეხვდა’’.

ვალტერ დე მაჯო არ ავრცელებს ინფორმაციას ლაურენტისის შეთავაზებასთან დაკავშირებით, ახალი კონტრაქტის გაფორმების შემთხვევაში რა იქნება კვარას წლიური ხელფასი.

დი მარციოს ცნობით, „ნაპოლის“ ხელმძღვანელებმა ქართველ გარემარბს განუცხადეს, რომ იგი გუნდისთვის მნიშვნელოვანი მოთამაშეა და იტალიელი სპეციალისტის პროექტში ცენტრალური ადგილი უკავია. მხარეებს საბოლოო შეთანხმებისთვის არ მიუღწევიათ, მაგრამ „ნაპოლის“ მხრიდან ეს პოზიტიური ნაბიჯი იყო და „კვარა“ გუნდში დარჩენის პერსპექტივით მოხიბლულია.

შეგახსენებთ, პორტუგალიასთან მოგებული მატჩის შემდეგ კვარაცხელიამ განაცხადა, რომ „ნაპოლისთან“ დაკავშირებით, გადაწყვეტილებას ევრო 2024-ის დასრულების შემდეგ მიიღებს. მისით „პარი სენ-ჟერმენი“ ინტერესდება და მზადაა 110 მილიონი ევრო გადაიხადოს.

კვარაცხელია: „კონტეს პატივს ვცემ, ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია, „ნაპოლის’’ პატივს ვცემ, „ნაპოლი’’ მიყვარს, მაგრამ ჩემს მომავალს ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გადავწყვეტ’’.

24 ივნისს CalcioNapoli24-მა ახალი ინფორმაცია გაავრცელა, რომლის მიხედვით ვიგებთ, რომ მამუკა ჯუღელმა კლუბს ფეხბურთელის ხელფასის 8 მილიონ ევრომდე გაზრდა მოსთხოვა. ამას ორი მიზეზი აქვს. პირველი ვიქტორ ოსიმენი გახლავთ, რომელსაც კონტრაქტი გაუხანგრძლივეს და ანაზღაურება 10 მილიონამდე გაუზარდეს. მეორე მიზეზია პსჟ, რომელიც კვარას წლიურ ხელფასად 10 მილიონს სთავაზობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები