ქოჩორაშვილი ნახევარდაცვის ექსპერტია - საბატინიმ ევროდან 2 ქართველი გამოარჩია
ცნობილმა იტალიელმა საფეხბურთო ფუნქციონერმა, „ლაციოს’’ (2004-08), „პალერმოსა’’ (2008-10) და „რომას’’ (2011-16) ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა ვალტერ საბატინიმ La Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუში იმ ნიჭიერ ფეხბურთელებზე ისაუბრა, რომლებმაც ევრო 2024-ზე თავი კარგად წარმოაჩინეს.
საბატინიმ 4 ფეხბურთელი დაასახელა, მათ შორის ორი ქართველია: გიორგი ქოჩორაშვილი, გიორგი მიქაუტაძე. მას ასევე მოეწონა სლოვენიელი ჟან კარნიჩნიკი და სლოვაკი ივან შრანცი.
„გიორგი მიქაუტაძეზე უკვე ბევრმა ისაუბრა. „აიაქსში’’ ცოტა ხანი ითამაშა, შემდეგ „მეცში’’ დაბრუნდა. მკვლელი ფორვარდია, მეტოქის კართან ახლოს მოქმედებს, მცველებს ბევრ პრობლემას უქმნის. მაღალ რეკომენდაციას ვუწევ, მაგრამ მან უკვე ევრო 2024-ზე სამი გოლით გარღვევა მოახდინა.
კიდევ ერთი ქართველი, რომელსაც გამოვარჩევ, ქოჩორაშვილია, ნახევარდაცვის ექსპერტია, ესპანეთის მეორე ლიგაში თამაშობს''.
უდიდესი ალბათობით მიქაუტაძე და ქოჩორაშვილი კლუბს შეიცვლიან. ფაბრიციო რომანოს ცნობით, „მონაკომ“ მიქაუტაძესთან პირადი კონტრაქტის დეტალებზე სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია, „მეცს“ წინადადებაც გაუგზავნა და ცდილობს ქართველი თავდამსხმელის სხვა მსურველებს აჯობოს. „მონაკოს“ მიზანია ტრანსფერი ევრო 2024-ის დასრულებამდე დახუროს.
რაც შეეხება გიორგი ქოჩორაშვილს, როგორც ესპანური გამოცემა Onda Cero წერს, ევრო 2024-ის დასრულების შემდეგ „ლევანტე’’ გიორგი ქოჩორაშვილის სარფიანად გაყიდვას შეეცდება. კლუბისთვის ქოჩორაშვილის გაყიდვა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ქართველის ტრანსფერზეა დამოკიდებული კლუბის ახალი პროექტი. Estadiodeportivo-ს ცნობით, „ლევანტეს'' ქოჩორას გაყიდვა 4 მილიონ ევროდ სურს.