„ხვიჩა სხვა დონეზეა, მამარდა ფანტასტიკურ ევროს ატარებს“ | ნაჩო ქართველ ფეხბურთელებზე
ესპანეთის ნაკრების ცენტრალურმა მცველმა, ნაჩო ფერნანდესმა „ფურია როხას“ მომდევნო მეტოქეზე ისაუბრა. მერვედფინალში, ესპანეთი საქართველოს დაუპირისპირდება და ნაჩომ ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი მამარდაშვილი შეაქო.
„გიორგი მამარდაშვილი კარგი მეკარეა. ლა ლიგაში მისთვის ყველაფერი კარგად წარიმართა და ფანტასტიკურ ევროს ატარებს. გიორგი საქართველოს ნაკრებისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, მაგრამ არ ვღელავთ. ვეცდებით, მას რაც შეიძლება მეტი გოლი გავუტანოთ და მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ წარმატებული დღე არ გამოუვიდეს. მამარდაშვილი ყოველ წელს ადასტურებს, რამდენად კარგი მეკარეა.
კვარაცხელიას რაც შეეხება, ის განსაკუთრებული ფეხბურთელია. რეალის მაისურით, მიმდინარე სეზონში მის წინააღმდეგ ორჯერ ვითამაშეთ და ვიტყოდი, რომ საერთოდ სხვა დონეზეა. ხვიჩა ძალიან სწრაფია, ერთი-ერთზე ბრწყინვალედ თამაშობს და საქართველოს ნაკრების ლიდერი და მთავარი საფრთხეა. ხალხმა შეიძლება ჩათვალოს, რომ ამ მატჩში ფავორიტები ვართ, მაგრამ ეს ესპანეთისთვის არაფერს ნიშნავს“.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ესპანეთის მერვედფინალურ დაპირისპირებას 30 ივნისს ვიხილავთ. მატჩი თბილისის დროით, 23:00-ზე დაიწყება.