გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

„ქართველი გიგანტი, რომელიც ესპანეთს ელოდება“ | Marca-ს სტატია მამარდაშვილზე

ავტორიტეტული ესპანური გაზეთის, Marca-ს ოფიციალურ ვებგვერდზე რომ შეხვიდეთ, დაინახავთ ძალიან საინტერესო სტატიას, რომელიც ესპანეთის ნაკრების მომდევნო მეტოქის ერთ-ერთ ფეხბურთელს ეძღვნება. „ქართველი გიგანტი, რომელიც ესპანეთს მერვედფინალში ელოდება“, - ასეთია Marca-ს სტატიის სათაური და მასში საუბარი გიორგი მამარდაშვილზეა.

„კი მაგრამ რა მიზნები გაქვს და რას აპირებ ქართველ მეკარესთან ერთად?“ - ეს იყო შეკითხვა, რომელიც 2021 წელს, საფეხბურთო აგენტს, ანტონიო ლოპესს დაუსვეს. ანტონიო ლოპესს, რომელმაც გიორგი მამარდაშვილის გაფორმება ესპანურ კლუბებს შესთავაზა. ახლა 2024 წელი დგას და ვალენსიას მეკარე ევროპის ჩემპიონატის სენსაციაა და წარმოადგენს კედელს, რომელიც მერვედფინალში ესპანეთმა უნდა დაანგრიოს.

სტატისტიკა ყველაფერს ამბობს. მამარდაშვილს ევრო 2024-ზე ყველაზე მეტი, 21 სეივი აქვს და არის მეკარე, რომელმაც მოსალოდნელი გოლების ინდექსის მხრივ, საკუთარი გუნდი ყველაზე მეტ, 3.5 გოლს გააარჩინა.

3 წლის წინ, მამარდამ გარისკა და ესპანეთში გადასვლა გადაწყვიტა. ქართველმა გიგანტმა ვალენსიასთან გააფორმა კონტრაქტი და სარეზერვო გუნდში თამაშს დათანხმდა. ტრანსფერამდე ერთი სეზონით ადრე, მან ევროპა ლიგაზე იასპარეზა და გრანადასთან ნაჩვენები თამაშით, აგენტები დაარწმუნა, რომ მისი ესპანეთში წაყვანა ღირდა. ვალენსიას იჯარა 50 000 ევრო დაუჯდა და კონტრაქტის გამოსყიდვა 800 000 ევროდ შეეძლო. გიორგის სარეზერვო გუნდში უნდა ეთამაშა, მაგრამ იქ არ უვარჯიშია. იასპერ სილესენისა და ხაუმე დომენეკის ტრავმების გამო, იგი ძირითად გუნდს შეუერთდა და ამხანაგურ მატჩში ბრწყინვალედ იასპარეზა.

ოფიციალურ შეხვედრაში მისი დებიუტი მესტალიაზე შედგა და გიორგიმ გმირობა ჩაიდინა. ვალენსია პირველივე წუთზე რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა და იმ თამაშში მამარდაშვილს ყველანაირი ტიპის სეივი ჰქონდა. მაღალ დონეზე ჩატარებული რამდენიმე მატჩის შემდეგ, გიორგიმ სევილიასთან ცუდად ითამაშა და ხოსე ბორდალასმა დასაჯა, მაგრამ ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ ვალენსია მის კონტრაქტს გამოისყიდდა.

ღამურებმა გააკეთეს ის, რასაც ყველა ელოდებოდა და ქართველ მეკარეს 2027 წლის ზაფხულამდე გათვლილი ხელშეკრულება გაუფორმეს, მისი გამოსასყიდი თანხა კი 100 მილიონი ევროა. ვალენსიაში გატარებული სამი სეზონის შემდეგ, მამარდაშვილი ბევრად სრულყოფილი მეკარეა. პოზიციის შერჩევის უნარსა და რეფლექსებს, მაღალ ბურთებზე ბრწყინვალედ თამაში და პენალტების მოგერიებები დაემატა. 2023/24 წლების სეზონში, მან 6-დან 3 თერთმეტმეტრიანი აიღო და მიუხედავად იმისა, რომ მაღალი მეკარეა, დაბალ ბურთებზე ბრწყინვალედ თამაშობს.

მამარდაშვილის უნარებმა იგი ევრო 2024-ის მთავარი აღმოჩენის, საქართველოს ნაკრების ერთ-ერთ საკვანძო ფეხბურთელად აქცია. ჯვაროსნებმა პლეიოფის ფინალში საბერძნეთი დაამარცხეს, მამარდამ კი ერთი პენალტი მოიგერია და მეორე დამრტყმელს შეცდომა დააშვებინა. პორტუგალიასთან მატჩში, მან კარი მშრალად შეინახა, ჩეხეთთან კი შეხვედრის MVP-დ დაასახელეს.

ვალენსია თვეებია მის გასაყიდად მზადაა და ევროპის ჩემპიონატზე ნაჩვენები ფენომენალური თამაშით, გიორგიმ ევროპული გრანდების ყურადღება მიიქცია. ღამურებმა მისი შემცვლელი უკვე გაიფორმეს და კლუბის პრეზიდენტი, პიტერ ლიმი ხვდება, რომ 40-მილიონიან წინადადებაზე უარის თქმა გაუჭირდება. გიორგის მომავალი ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გაირკვევა, ახლა კი მამარდა 4-მილიონიან ქვეყანას აზანზარებს“, - წერს Marca.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთისა და საქართველოს ნაკრებების დაპირისპირებას 30 ივნისს ვიხილავთ და შეხვედრა თბილისის დროით, 23:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
5 მილიონზე შეთანხმდებიან - ზურიკოს ტრანსფერი რეალური ხდება
5 მილიონზე შეთანხმდებიან - ზურიკოს ტრანსფერი რეალური ხდება