„ჩავი მართალი იყო“ | რას წერს ესპანური Sport-ი კვარაცხელიაზე
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევრო 2024-ის პლეიოფში გავიდა და მერვედფინალში ესპანეთს დაუპირისპირდება. „ჯვაროსნების“ წარმატებამ ესპანური პრესის ყურადღება მიიპყრო და ავტორიტეტულმა გამოცემამ, Sport-მა საინტერესო სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც აქცენტი ხვიჩა კვარაცხელიაზეა გაკეთებული.
„როცა ბარსელონამ ჩავი დარჩენაზე დაიყოლია, რაც საბოლოოდ, მაინც არ გამოვიდა, ესპანელი სპეციალისტის მიზანი ნათელი იყო. მას უნდოდა, ბლაუგრანას სატრანსფერო ბაზარზე ეაქტიურა და მაქსიმალურად ძლიერი შემადგენლობა შეეკრა. ბარსას ყოფილ თავკაცს მარცხენა გარემარბის გაფორმება სურდა და მისი მთავარი სამიზნე იყო ფეხბურთელი, რომელიც ახლა ევრო 2024-ზე ბრწყინავს - ხვიჩა კვარაცხელია.
კვარაცხელიას საქართველომ F ჯგუფში მე-3 ადგილი დაიკავა და პლეიოფში ესპანეთს შეხვდება, ხვიჩა კი გვაჩვენებს, მის გასაფორმებლად ჩავიმ დიდი ძალისხმევა რატომ გაიღო. ვილი სანიოლის გუნდმა ევროპის ჩემპიონატზე გასვლით ისტორია უკვე დაწერა და რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენს მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩება გიორგი მამარდაშვილის სეივები, „მკვლელი“ გიორგი მიქაუტაძე, რომელიც მსოფლიომ გაიცნო და სატრანსფერო ფანჯრისას მასზე ბევრს ილაპარაკებენ და გუნდის ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელია.
მიქაუტაძის თამაში სასიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდა, საქართველოს ნაკრების საუკეთესო ფეხბურთელს, ხვიჩა კვარაცხელიას კი გუნდისთვის უფრო მეტის გაკეთება მართებდა. თურქეთთან და ჩეხეთთან გამართული მატჩების შემდეგ, კვარამ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია აჩვენა და პორტუგალიასთან გაიბრწყინა. იგი მატჩის MVP გახდა და გოლის გარდა, 3-დან 3 წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა და 13-დან 9 ორთაბრძოლა მოიგო.
ხვიჩასნაირი ფეხბურთელებისთვის ევროპის ჩემპიონატის მსგავსი ტურნირები ძალიან მნიშვნელოვანია. ამ მომენტისთვის, იგი საუკეთესო ფორმის შენარჩუნებასა და საქართველოსთან ერთად ისტორიის წერაზეა ორიენტირებული. შეძლებს მისი გუნდი დე ლა ფუენტეს ბიჭებისთვის წინააღმდეგობის გაწევას? ეს ძალიან საინტერესო შეკითხვაა “, - წერს კატალონიური გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებების მატჩი 30 ივნისს გაიმართება და თბილისის დროით, 23:00-ზე დაიწყება.