კვარა, მიქაუტაძე, კრიშტიანუ | ევროს მე-13 დღის გამორჩეული ფაქტები
გერმანიაში მიმდინარე ევრო 2024-ის მე-13 სათამაშო დღეს, უკრაინა-ბელგიის, სლოვაკეთი-რუმინეთის, ჩეხეთი-თურქეთისა და საქართველო-პორტუგალიის მატჩები გაიმართა. CrystalSport-ი გთავაზობთ დღის გამორჩეულად საინტერესო ფაქტებსა თუ სტატისტიკურ მონაცემებს, რომლებიც ამ შეხვედრებსა და მათში მონაწილე ფეხბურთელებს უკავშირდება.
საქართველოს ნაკრებმა დიდ ტურნირებზე ისტორიაში პირველი მატჩი მოიგო და პლეი-ოფში პირველად გავიდა - 29-ე გუნდია, რომელიც ევროს პლეი-ოფში ითამაშებს.
ფიფა-ს რეიტინგში 74-ე ადგილზე მყოფმა საქართველომ მე-6 პოზიციაზე მყოფი პორტუგალია დაამარცხა, რაც, ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში, ყველაზე დიდი სხვაობაა.
ისლანდიის ევრო 2016-ის შედეგის შემდეგ, საქართველოს ნაკრები პირველი ევროპული გუნდია, რომელიც დიდ ტურნირზე დებიუტანტი იყო და ჯგუფიდან გავიდა.
საქართველოს ნაკრებს ბოლო 12-დან 11 მატჩში მინიმუმ 1 გოლი აქვს გატანილი.
საქართველოს ნაკრებს ბოლო 8-დან 7 მატჩში პირველ ტაიმში გოლი აქვს გატანილი.
რობერტო მარტინესის ხელმძღვანელობით, პორტუგალიის ნაკრებმა პირველად წააგო - აქამდე 12 მატჩში 12 მოგება ჰქონდათ.
რობერტო მარტინესს, ბელგიისა და პორტუგალიის მწვრთნელის რანგში, აქამდე ევროს ჯგუფურის 5-დან 5 მატჩი ჰქონდა მოგებული.
პორტუგალიის ნაკრებმა ევროს ფინალური ეტაპის ბოლო 12 მატჩიდან მხოლოდ 2-ში ვერ გაიტანა.
პორტუგალიის ნაკრებმა ხვიჩა კვარაცხელიასგან გოლი 92-ე წამზე მიიღო, რაც მათთვის, ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში, ყველაზე ადრეულად გაშვებული გოლია.
საქართველოს ნაკრებს პორტუგალიასთან ბურთის ფლობის 28%იანი მაჩვენებელი ჰქონდა - ევრო 1980-იდან მოყოლებული პირველად მოხდა, როცა გუნდმა მატჩის მოგება ასეთი დაბალპროცენტიანი ბურთის ფლობის ფონზე მოახერხა.
კრიშტიანუ რონალდუმ დიდი ტურნირის ჯგუფური ეტაპი გოლის გარეშე პირველად დაასრულა - ეს მისთვის მე-11 დიდი ტურნირია.
კრიშტიანუ რონალდუმ დიდი ტურნირების ფინალურ ეტაპზე 50-ე მატჩი ჩაატარა და ყველა დროის რეკორდსმენია.
გიორგი მიქაუტაძე, ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში, მე-9 ფეხბურთელია, რომელმაც ჯგუფური ეტაპის სამივე მატჩში გაიტანა - მიშელ პლატინი (ევრო 1984); ალან შირერი და ხრისტო სტოიჩკოვი (ორივე ევრო 1996); სავო მილოშევიჩი (ევრო 2000); მილან ბაროში და რუუდ ვან ნისტელროი (ორივე ევრო 2004); გარეტ ბეილი (ევრო 2016); კრიშტიანუ რონალდუ (ევრო 2020); გიორგი მიქაუტაძე (ევრო 2024).
გარეტ ბეილის ევრო 2016-ის შედეგის შემდეგ, გიორგი მიქაუტაძე პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ჯგუფურ ეტაპზე სამივე მატჩში მიიღო გოლში მონაწილეობა - 3 გოლი და 1 ასისტი.
გიორგი მიქაუტაძეს მიმდინარე ევროზე 4 გოლში აქვს მონაწილეობა მიღებული - 3 გოლი და 1 ასისტი. ტურნირის არც ერთ სხვა ფეხბურთელს 2-ზე მეტი საგოლე კონტრიბუცია არ აქვს.
ჯგუფური ეტაპის შემდეგ, აღკვეთილი გოლების ჯამური მაჩვენებლით, გიორგი მამარდაშვილი ევრო 2024-ის საუკეთესო მეკარეა: მამარდაშვილი - 3.58; დონარუმა - 3.16; მენიო - 2.75; სიმონი - 2.47; სკორუპსკი - 2.4.
თურქეთის ნაკრები ევროს პლეი-ოფში 2008 წლის შემდეგ პირველად გავიდა - მაშინ 1/2 ფინალამდე მივიდნენ.
თურქეთის ნაკრებს დიდი ტურნირების ჯგუფში 6 ქულაზე მეტი არასდროს აუღია - ეს მეორედ მოხდა, პირველად - ევრო 2008-ზე.
33 წლისა და 19 დღის ასაკში, ჯენკ ტოსუნი, ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში, თურქეთის ნაკრების ყველაზე ასაკოვანი გოლის გამტანი გახდა.
თურქეთის ნაკრებმა ჩეხეთს, ევროპის ჩემპიონატის ეგიდით, 3-დან მესამე მატჩი მოუგო - ევრო 2008-ზე - 3:2; ევრო 2016-ზე - 2:0 და ევრო 2024-ზე - 2:1. საინტერესოა, რომ ყველა ეს მატჩი ჯგუფურის მე-3 ტურის ეგიდით გაიმართა.
თურქეთის ნაკრებს, ევროს ფინალურ ეტაპზე, ბოლო 15 მატჩიდან მხოლოდ 1-ში აქვს კარი მშრალად შენახული.
ჰაქან ჩალჰანოღლუმ ევროს ფინალურ ეტაპზე მე-8 მატჩი ჩაატარა და რეკორდსმენ რუშთუ რეჩბერს 1 მატჩით ჩამორჩება. აქვე ვთქვათ, რომ ჩალჰანოღლუ 1/8 ფინალში, ავსტრიასთან დისკვალიფიცირებულია.
ჩეხეთისა და თურქეთის მატჩში მსაჯმა 18 ბარათი (16 ყვითელი და 2 წითელი) გამოიყენა, რაც ევროპის ჩემპიონატის 64-წლიან ისტორიაში ყველაზე მაღალი შედეგია.
ანტონინ ბარაკმა ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში უსწრაფესი წითელი ბარათი მიიღო - 20 წუთი და 28 წამი. აქამდე ეს ანტირეკორდი ეკუთვნოდა ერიკ აბიდალს, რომელიც ევრო 2008-ის ჯგუფურის მატჩში, იტალიასთან, 24-ე წუთზე გააძევეს.
ჩეხეთის ნაკრების მონაწილეობით, ევროს ფინალურ ეტაპზე უკვე 27 მატჩია ნულოვანი ფრე არ დაფიქსირებულა - ბოლოს ეს ანგარიში ევრო 1996-ის 1/2 ფინალში, საფრანგეთის წინააღმდეგ ითამაშეს.
მიმდინარე ევროზე ყველაზე მეტი დარტყმა კრიშტიანუ რონალდუსა (12) და რომელუ ლუკაკუს (10) აქვთ შესრულებული - გოლი ჯერჯერობით არც ერთ მათგანს გაუტანია.
რომელუ ლუკაკუმ მიმდინარე ევროზე 6 დიდი შანსი ვერ გამოიყენა, რაც, ევრო 1980-იდან მოყოლებული, ერთ ტურნირზე უკვე ყველაზე ცუდი შედეგია.
ისტორიაში მეორედ მოხდა, როცა რუმინეთის ნაკრებმა დიდ ტურნირზე ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა - პირველად 1998-ის მსოფლიოზე, ინგლისთან, კოლუმბიასთან და ტუნისთან.
უკრაინის ნაკრები, ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში, პირველი გუნდია, რომელმაც ჯგუფურზე 4 ქულა აიღო, მაგრამ ბოლო ადგილზე გავიდა.
უკრაინის ნაკრებმა ევროს ფინალურ ეტაპზე მე-14 მატჩი ჩაატარა და ფრე პირველად ითამაშა.
ონდრეი დუდა პირველი სლოვაკია, რომელმაც ორ სხვადასხვა დიდ ტურნირზე გოლი გაიტანა - ევრო 2016 და ევრო 2024.
სლოვაკეთის ნაკრებმა ევრო 2024-ის სამივე მატჩში ანგარიში გახსნა.
პეტერ პეკარიკმა და იურაი კუცკამ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მე-10 მატჩი ჩაატარეს, რაც, სლოვაკებს შორის, სარეკორდო შედეგია.
რუმინეთის ნაკრებმა ევროს ჯგუფურზე 4 გოლი შეაგდო - დიდი ტურნირის ჯგუფში ამაზე მეტი - 5 გოლი მხოლოდ ერთხელ, 1994-ის მსოფლიოზე გაიტანეს.
რუმინეთის ნაკრები ევროს ჯგუფიდან ევრო 2000-ის შემდეგ პირველად გავიდა - სულ ისტორიაში 6-დან 2-ჯერ გავიდნენ პლეი-ოფში.
ბელგიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში ზედიზედ მესამედ გავიდა.
ბელგიის ნაკრებმა ევროს ფინალურ ეტაპზე ბოლო 12 მატჩიდან მხოლოდ 2-ში ვერ გაიტანა - ორივე ამ ჯგუფურ ეტაპზე (სლოვაკეთთან და უკრაინასთან).