„შეტევაში და დაცვაშიც ბრწყინავდა“ - უოტფორდი ჩაკვეტაძის თამაშს გამოეხმაურა
მიუხედავად იმისა, რომ თავი არც გოლით და არც საგოლე გადაცემით ჯერჯერობით არ გამოუჩენია, გიორგი ჩაკვეტაძე მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე უმაღლეს დონეზე თამაშობს და საქართველოს ნაკრების ერთ-ერთ წამყვან ფიგურად ითვლება. „უოტფორდის“ ოფიციალურმა ვებ-გვერდმა 24 წლის ნახევარმცველი პორტუგალიელებთან თამაშამდე სპეციალური სტატუსით გაამხნევა, ისტორიულ მატჩში გამარჯვების შემდეგ კი გიორგის თამაში უმაღლეს დონეზე შეფასდა.
რას წერენ ჩაკვეტაძეზე
ბრწყინავდა როგორც შეტევაში, ასევე დაცვასაც არაჩვეულებრივად ეხმარებოდა. ჩაკვეტაძემ და მისმა თანაგუნდელებმა კრიშტიანუ რონალდუს პორტუგალიას სივრცეები მაქსიმალურად შეუზღუდეს და მეტოქის მიერ ბურთზე დაწესებული კონტროლი მათზე არაფრის მომტანი არ აღმოჩნდა. გიორგი ტრადიციულად ჭკვიანურ პასებს არიგებდა და თანაგუნდელების დასარტყმელ პოზიციაზე გაყვანას ცდილობდა, ერთ ეპიზოდში კი თავად შეეძლო გატანა, თუმცა მისი დარტყმა ოდნავ არაზუსტი აღმოჩნდა.
გიორგი ჩაკვეტაძემ გასული სეზონის მიმდინარეობისას, ინგლისის ჩემპიონშიპის გუნდთან 2027 წლამდე გააფორმა კონტრაქტი და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, მომდევნო სეზონსაც ამ კლუბში გაატარებს. ჩაკვეს ანგარიშზე საქართველოს ეროვნულ გუნდში გამართულ 27 შეხვედრაში 8 გოლი და 8 საგოლე პასია.