5 მილიონზე შეთანხმდებიან - ზურიკოს ტრანსფერი რეალური ხდება
იმ ფეხბურთელების ტრანსფერები, რომლებიც ევროპის ჩემპიონატზე თამაშობენ, როგორც წესი კონტინენტის პირველობის დასრულების შემდეგ ხორციელდება და წესით, ზურიკო დავითაშვილის შემთხვევაშიც ასე უნდა მოხდეს, თუმცა წამყვანი ფრანგული სპორტული გამოცემები მოვლენებს წინ უსწრებენ და ვრცელდება ინფორმაცია, რომ „სენტ ეტიენი“ ქართველ შემტევს უახლოეს პერიოდში გაიფორმებს.
„ბორდოს“ სპორტული დირექტორი ლოიკ პერინი მაისში ზურიკოს აგენტს მამუკა ჯუღელს შეხვდა, სადაც მხარეებმა ფეხბურთელების სატრანსფერო ღირებულება 5 მილიონი ევროთი განსაზღვრეს. ტრანსფერს რეალურს ხდის ის ფაქტიც, რომ ლიგა 1-ში გადასულ „სენტ ეტიენს“ ახალი ინვესტორი გამოუჩნდა, რომელიც გუნდში დიდი ფულის ჩადებას გეგმავს და წესით, ქართველი ფეხბურთელის სანაცვლოდ ამ თანხის გადახდა არ უნდა გაუჭირდეთ.
8 გოლითა და 8 საგოლე გადაცემით ზურიკო დავითაშვილი გასულ სეზონში არამხოლოდ „ბორდოში“, არამედ მთლიანად ლიგა 2-ში ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა იყო, თუმცა იმის გამო, რომ ჟირონდელებმა უმაღლესი დივიზიონის საგზური ვერ მოიპოვეს, როგორც ზურიკოს, ასევე კლუბის მეორე წამყვანი მოთამაშის, პედრო დიასის წასვლა აქტიურად განიხილება.