ერთი გოლი ქეცბაიამდე - კვარამ უსიამოვნო სერია დაასრულა
პორტუგალიასთან (2:0) გამართულ ისტორიულ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიამ 2024 წელს საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში პირველი გოლი გაიტანა. 23 წლის ფეხბურთელს ეროვნულ გუნდში 4-მატჩიანი მშრალი სერია ჰქონდა და ეს უსიამოვნო ტრადიცია როგორც მისთვის, ასევე გუნდისთვის ყველაზე მნიშვნელოვან მატჩში დაასრულა.
ხვიჩამ თავის გამოჩენა ბერძნებთან, მონტენეგროელებთან, თურქებთან და ჩეხებთან ვერ შეძლო, რის გამოც მას კრიტიკოსები მოუმრავლდნენ, თუმცა გუშინ ჩატარებული ფენომენალური მატჩით მან ყველას საკადრისი პასუხი გასცა.
კვარასთვის ეს რიგით 33-ე სანაკრებო შეხვედრაში გატანილი მე-16 გოლი იყო და ყველა დროის ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზე მყოფ თემურ ქეცბაიამდე (17) ახლა მხოლოდ ერთი ბურთი აშორებს, ლიდერ შოთა არველაძესთან ჩამორჩენა კი ათ გოლამდე შეამცირა.
კვარაცხელია ითვლებოდა მთავარ კანდიდატად, რომელსაც არველაძის დაწევა შეეძლო, თუმცა ბოლო პერიოდში გიორგი მიქაუტაძე ისეთი ტემპით იტანს ბურთებს, რომ შესაძლოა დავაში ისიც ჩაერიოს. გიორგისთვის პორტუგალიელების კარში შეგდებული ბურთი მეცამეტე გახლდათ, რითაც თორნიკე ოქრიაშვილსა და ვაკო ყაზაიშვილს გაუთანაბრდა და ახლა მასზე წინ კვარაცხელიას გარდა, მხოლოდ ალექსანდრე იაშვილი, თემურ ქეცბაია და შოთა არველაძე არიან.