ხვიჩა კვარაცხელია, ზაზა ჯანაშია
Aa
Aa

ჯანაშია: კვარას ჩავარდნები ჰქონდა, მაგრამ ახლა ყველაფერი გამოუვიდა

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მოსკოვის „ლოკომოტივის’’ ყოფილი ფეხბურთელი ზაზა ჯანაშია რუსულ Sport24-ს ესაუბრა. ჯანაშია აღნიშნავს, რომ ყველა კვარაცხელიაზეა ჩაციკლული, მაგრამ მას პორტუგალიასთან ყველაფერი გამოუვიდა. ჯანაშია ასევე ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ერთიანია, რაც სათადარიგოთა სკამზე მსხდომ მოთამაშეებშიც კარგად ჩანდა, როცა პენალტის დანიშვნა გაუხარდათ.

ზაზა ჯანაშია: „გიჟური ემოციებია, არაფერია სათქმელი. საქართველოსთვის ძალიან დიდი მოვლენაა. მთელი ქვეყანა ერთიანია. მთელ საქართველოში მდინარეებივით დაილევა ღვინო. მოდით, ვიზეიმოთ.

ერთ ფეხბურთელს ვერ გამოვყოფ. თითოეულმა ბრწყინვალედ ითამაშა, მეკარით დაწყებული და ცვლილებაზე გამოსული მოთამაშეებით დამთავრებული. ნახეთ როგორ უხაროდათ სკამზე მსხდომ ფეხბურთელებს პენალტი, გოლს როგორ ელოდნენ. ამიტომ, არ შეიძლება რომელიმე მოთამაშე გამოვყო. ბევრი ირბინეს და დიდი ძალისხმევა გაიღეს. მთავარია რომ შემდეგ ეტაპზე ვართ, მთავარი შედეგია.

კვარაზე ცალკე ვიტყვი, არის ჩავარდნები, მაგრამ ყველა ხვიჩაზეა ჩაციკლული, დღეს მას ყველაფერი გამოუვიდა, თუმცა ჩვენ ბევრი ფეხბურთელი გვყავს, რომელთა გამოყოფა შეიძლება. ახალგაზრდა გუნდია და ყველაფერი ისე იქნება, როგორც საჭიროა.

მებრძოლი ხასიათი გვაქვს, რაც შეგვიძლია ესპანეთთან კარგად გამოვიყენოთ''.

ამრიგად, საქართველოს ნაკრებმა 4 ქულა დააგროვა, ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა. „ჯვაროსნები“ მერვედფინალში ესპანეთს დაუპირისპირდებიან და მატჩი 30 ივნისს გაიმართება. შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები