ხვიჩა კვარაცხელია, ანტონიო კონტე, აურელიო დე ლაურენტისი
Aa
Aa

კვარა: ნაპოლი მიყვარს, მაგრამ ჩემს მომავალს ევროს შემდეგ გადავწყვეტ

ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში საქართველოს ნაკრებმა უდიდესი სენსაცია შემოგვთავაზა, ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი პორტუგალია დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა, სადაც ესპანეთს შეხვდება.

მატჩის შემდეგ კვარამ ბევრ თემაზე ისაუბრა, ერთ-ერთი კითხვა მის მომავალს ეხებოდა. მიუხედავად იმისა, რომ აურელიო დე ლაურენტისი და ანტონიო კონტე ამბობენ, რომ კვარა კლუბში რჩება, ქართველი ფეხბურთელი აღნიშნავს, რომ თავის მომავალს ევრო 2024-ის დასრულების შემდეგ გადაწყვეტს.

„კონტეს პატივს ვცემ, ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია, „ნაპოლის’’ პატივს ვცემ, „ნაპოლი’’ მიყვარს, მაგრამ ჩემს მომავალს ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გადავწყვეტ’’.

იტალიური მედიის ინფორმაციით, „ნაპოლის'' პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი და კლუბის სპორტული დირექტორი ჯოვანი მანა გერმანიაში გაემგზავრებიან, რომ ხვიჩას ახალი წინადადებით მიმართონ და დარჩენაში დაითანხმონ.

შინაარსობრივად კვარაცხელიას კომენტარი აურელიო დე ლაურენტისისა და ანტონიო კონტეს კომენტარებისგან განსხვავებულია. თუ კონტე და ლაურენტისი თვლიან, რომ ფეხბურთელის კლუბში დარჩენა გადაწყვეტილია, კვარას თქმით, მას თავის საკლუბო კარიერასთან დაკავშირებით ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია.

„ნაპოლის'' ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ კვარასთან დაკავშირებით განაცხადა: „ხვიჩა კვარაცხელია გუნდში დარჩება. მასზე ბევრი რაღაც გავიგე, მაგრამ კლუბის პრეზიდენტთან საკუთარი პოზიცია კატეგორიულად დავაფიქსირე! შეძლებს კვარაცხელია მაქსიმუმის ჩვენებას 3-4-2-1 სათამაშო სქემაში? ქართველი გარემარბი მნიშვნელოვანი თვისებებით გამოირჩევა და მისნაირი ფეხბურთელები სულ უფრო და უფრო ცოტანი რჩებიან''.

ლაურენტისი: „კვარაცხელიასთან დაკავშირებით პრობლემები არ არსებობს. მას კონტრაქტი აქვს. მე ჯოვანი მანასთან და ხვიჩას აგენტთან ერთად მაგიდასთან დავჯდები და შეცვლილ კონტრაქტს შევთავაზებ. ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ.”

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები