„რონალდუზე პენალტი აშკარა იყო“ | რა თქვა რობერტო მარტინესმა მატჩის შემდეგ
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ისტორია დაწერა და სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე, ჯგუფური ეტაპი დაძლია. „ჯვაროსნებმა“ ბოლო ტურში პორტუგალია 2:0 დაამარცხეს და მატჩის შემდეგ, „სელესაოს“ მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მარტინესმა საკუთარი გუნდის თამაშზე ისაუბრა.
„ყველაზე ცუდი შედეგი მივიღეთ. მატჩი ცუდად დავიწყეთ და გაშვებულმა გოლმა გამოაჩინა ის, რის გაკეთებაც საქართველოს უნდოდა. კარგი დამოკიდებულება გვქონდა და გოლის გატანას ვცდილობდით, მაგრამ გადამწყვეტი მომენტები საქართველოს სასარგებლოდ დასრულდა. მაგალითად, შეგვიძლია, მეორე გოლის ეპიზოდი და მათი მეკარის მიერ ნაჩვენები თამაში მოვიყვანოთ.
საქართველოს გამარჯვებას ვულოცავთ და უკვე მერვედფინალზე ვფიქრობთ, სადაც უფრო მომზადებული გუნდი ვიქნებით. წაგება არ გვინდოდა, მაგრამ ახლა ყველა ჩვენი ფეხბურთელი სასურველ რიტმში იმყოფება და დასვენებული მოთამაშეებიც გვეყოლება.
მე-2 წუთზე გატანილმა გოლმა საქართველოს ძალა და რწმენა მისცა, რაც უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. ეს იყო მატჩი, რომლის მოგებაც ჩვენთვის აუცილებელი არ იყო და თან დამაგვირგვინებელ ფაზაშიც არ გაგვიმართლა. VAR-ი სტაბილური არაა, რადგან კრიშტიანუ რონალდუს მომენტში პენალტი აშკარა იყო. 27-ე წუთზე, საქართველოს საჯარიმოში წესების დარღვევა უფრო აშკარა იყო, ვიდრე პენალტის ეპიზოდში, რომელიც ჩვენი კარისკენ დაიდო. ცვლილებები? ეს ჩემი გადაწყვეტილება იყო და გამარჯვება აუცილებლობა არ გახლდათ“.
„გაგვაოცა თუ არა საქართველომ? არა, ნამდვილად არა. საქართველოს ანალიზს თუ გააკეთებ, გამოარჩევ მეკარეს, რომელიც 3 წელია უმაღლეს დონეზე თამაშობს. ისაუბრებ ხვიჩაზე, რომელიც ტოპ 5 ჩემპიონატში ერთ-ერთი საუკეთესო დრიბლიორია. ასევე, გამოარჩევ ამ გუნდის ტექნიკურ შესაძლებლობებს და დაცვით ბლოკსა და კონტრშეტევებს. მათგან მოულოდნელი არაფერი გვინახავს.
უდიდესი სიურპრიზი ალბათ, მათ მიერ გატანილი სწრაფი გოლი იყო, რამაც ქართველებს თავდაჯერებულობა და რწმენა შემატა. ერთადერთი სიურპიზი იყო ის ფაქტი, რომ მათ რწმენა და დონე 90 წუთის განმავლობაში შეინარჩუნეს. საქართველოს სათანადოდ დავაფასეთ. ვილი სანიოლმა ბრწყინვალე სამუშაო გასწია და ქართველები საქებარ სიტყვებს იმსახურებენ. მათ დამსახურებულად მოიგეს“.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა 4 ქულა დააგროვა და ჯგუფში მე-3 ადგილი დაიკავა. „ჯვაროსნები“ პლეიოფში გავიდნენ და მერვედფინალში ესპანეთს დაუპირისპირდებიან.