გელზენკირხენში დაწერილი ისტორია | ევრო 2024-ზე ქართული ზღაპარი გრძელდება
ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, საქართველოს საფეხბურთო ნაკრები პორტუგალიას დაუპირისპირდა. ვილი სანიოლის გუნდმა ისტორია დაწერა და სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპი დაძლია. ჩვენმა ბიჭებმა 2:0 მოიგეს და მერვედფინალის საგზური დაისაკუთრეს.
შეხვედრაში ანგარიში მალევე გაიხსნა და „ჯვაროსნებმა“ სწრაფი გოლი გაიტანეს. მე-2 წუთზე, ჩვენები კონტრშეტევაზე ბრწყინვალედ გადავიდნენ. გიორგი მიქაუტაძემ ხვიჩა კვარაცხელია ხელსაყრელ მდგომარეობაში დატოვა და „კვარამ“ დიოგუ კოშტას შანსი არ დაუტოვა.
გაშვებული გოლის შემდეგ, პორტუგალია უდიდეს უპირატესობას დაეუფლა. პირველი ზუსტი დარტყმა „სელესაომ“ მე-17 წუთზე განახორციელა. კრიშტიანუ რონალდუმ ჯარიმა გაისროლა, მაგრამ გიორგი მამარდაშვილი მოწოდების სიმაღლეზე იყო და ბურთი კუთხურზე მოიგერია. 23-ე წუთზე, „მამარდას“ კარს ჟოაუ პალინია დაემუქრა. საქართველოს ნაკრების მეკარე ისევ დამაჯერებელი იყო და მარტივი სეივი გაიფორმა.
28-ე წუთზე, „ჯვაროსნები“ გოლს გადაურჩნენ. პორტუგალიელთა კუთხურის შემდეგ, „მამარდამ“ გამოსვლაზე ითამაშა, ბურთი ფრანსისკუ კონსეისაუს მიუვიდა, რომლის დარტყმაც კარის ბადეს გარედან შეეხო. 30-ე წუთზე, ჩვენი კარისკენ სახიფათოდ ჟოაუ ფელიქსმა დაარტყა, მაგრამ მიზანს მცირედით ააცილა.
33-ე წუთზე, შანსი ვილი სანიოლის გუნდს მიეცა. ოთარ კაკაბაძემ ფლანგზე ბრწყინვალედ ითამაშა და „კვარას“ მინი-მომენტი შეექმნა, მაგრამ მისი დარტყმა არაზუსტი აღმოჩნდა. 35-ე წუთზე, საქართველოს ნაკრები გიორგი გველესიანმა გადაარჩინა. იგი რონალდუს დარტყმას გადაეფარა და ბურთი კუთხურზე გადააგდო.
პირველი ტაიმის დამატებულ წუთზე, ფელიქსმა გაისროლა, მაგრამ მამარდაშვილი ადგილზე იყო, რამდენიმე წამის შემდეგ კი, გიორგის კარში კუთხურის ჩახვევა წარუმატებლად სცადეს და „ჯვაროსნებმა“ პირველი ტაიმი 1:0 მოიგეს.
მეორე ნახევარი პორტუგალიელებმა აქტიურად დაიწყეს. კუთხურის შემდეგ, ბურთი რონალდუს მიუვიდა, მაგრამ მის დარტყმას ლაშა დვალი გადაეღობა და აშკარა გოლს გადაგვარჩინა. 49-ე წუთზე, მომენტი „ჯვაროსნებს“ შეექმნათ. „კვარა“ ხელსაყრელ მდგომარეობაში დარჩა, მაგრამ კარგად ვერ დაარტყა და კოშტამ მარტივი სეივი მიითვალა.
55-ე წუთზე, პორტუგალიის ნაკრების საჯარიმოში სახიფათო მომენტი შეიქმნა, რომელსაც ლუკა ლოჩოშვილის წაქცევა მოჰყვა. შეხვედრის მთავარმა არბიტრმა, სანდრო შერერმა მომენტი გაატარა, მაგრამ მისი VAR-ზე გადამოწმების შემდეგ, თერთმეტმეტრიანი დანიშნა, რომელიც გიორგი მიქაუტაძემ გამოიყენა - 2:0.
72-ე წუთზე, საქართველოს კიდევ ერთი შანსი მიეცა. გიორგი ჩაკვეტაძე კონტრშეტევაზე შესანიშნავად გადავიდა და კოშტას კარისკენ დაარტყა, მაგრამ ბურთი „სელესაოს“ კარს მცირე მანძილით ასცდა. 85-ე წუთზე, მესამე გოლის გატანა შეგვეძლო, მაგრამ ზურიკო დავითაშვილის დარტყმა არაზუსტი აღმოჩნდა. დარჩენილ დროში, პორტუგალიას ერთი რეალური მომენტი ჰქონდა, მაგრამ „მამარდა“ ბრწყინვალე იყო და ანგარიში არ შეცვლილა - 2:0.
ამრიგად, საქართველოს ნაკრებმა 4 ქულა დააგროვა და ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა. „ჯვაროსნები“ მერვედფინალში ესპანეთს დაუპირისპირდებიან და მატჩი 30 ივნისს გაიმართება.