„უშანსოდ არ იქნებიან“ | კანჩელსკისი პორტუგალიასთან საქართველოს ქომაგობს
„მანჩესტერ იუნაიტედისა“ და „რეინჯერსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ანდრეი კანჩელსკისმა საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებების მატჩზე ისაუბრა. კანჩელსკისი „ჯვაროსნებს“ ქომაგობს და აცხადებს, რომ ისინი უშანსოდ არ არიან.
„თუ გადავხედავთ საქართველოს ნაკრების თამაშებს ევრო 2024-ზე და გავიხსენებთ იმას, რომ ბოლო წამებზე ჩეხეთის დამარცხება შეეძლოთ, ვფიქრობ, უშანსოდ არც პორტუგალიასთან იქნებიან. საქართველოს ვუქომაგებ და მათ მხარეს ვიქნები. იმედია, ქართველები პლეიოფში გავლენ.
ხვიჩა კვარაცხელიასა და კრიშტიანუ რონალდუს დაპირისპირებას რაც შეეხება, ყველაზე მნიშვნელოვანი მწვრთნელთა მიერ გაწეული სამუშაოა. ის, რომელი ფეხბურთელი რომელს აჯობებს, მეორეხარისხოვანია“.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრები გუნდები აქამდე მხოლოდ ერთხელ, 2008 წლის მაისში შეხვდნენ და ის მატჩი მეტოქემ ჟოაო მოუტინიოსა და სიმაო საბროსას გოლებით 2:0 მოიგო. დღევანდელი თამაში თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.