„კვარა მნიშვნელოვანი ფეხბურთელია“ | ნაპოლიმ კონტე წარადგინა
„ნაპოლიმ“ ახალი მთავარი მწვრთნელი, ანტონიო კონტე წარადგინა და ცერემონია ამ წუთებში მიმდინარეობს. იტალიელმა სპეციალისტმა ბევრ თემაზე ისაუბრა და ერთ-ერთი შეკითხვა ხვიჩა კვარაცხელიასა და ჯოვანი დი ლორენცოს გარშემო შექმნილ მდგომარეობაზე დაუსვეს.
„როგორ ვუმკლავდები დი ლორენცოსა და კვარაცხელიას გარშემო შექმნილ სირთულეებს? მარტო არ ვარ, ვინც ამ საკითხის მოგვარებას ცდილობს. კლუბთან ერთად ვმუშაობთ და საუკეთესო გამოსავალს ვეძებთ. კონტრაქტთან დაკავშირებული საკითხების გავლამდე, კლუბის პრეზიდენტს საკუთარი პოზიცია ნათლად დავუფიქსირე და მისგან გარანტიები მივიღე. თუ მაღალ დონეზე დაბრუნებასა და რეკონსტრუქციაზე ვსაუბრობთ, ფეხბურთელების გაშვებაზე არ უნდა ვიფიქროთ, რადგან ეს ამას ეწინააღმდეგება.
ნაპოლის ფეხბურთელებს უკვე ვესაუბრე და მინდოდა, გამეგო, მათ რა იდეები ჰქონდათ. ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ და მიზანს მივაღწევთ. დი ლორენცო ტოპ კლასის ფეხბურთელი და გუნდის კაპიტანია. მას დიდ პატივს სცემენ და გასახდელში მნიშვნელოვანი მოთამაშეა. იგივე ეხება კვარაცხელიას. ალბათ, გასული სეზონის წარუმატებლობამ გაურკვევლობა განაპირობა. ფეხბურთელებმა იციან, რომ სირთულეები არსებობს. კაცები ვართ და ყველაფერს მოვაგვარებთ. ამ სეზონში, შური უნდა ვიძიოთ და მაღალ დონეზე თამაშს დავუბრუნდეთ.
კვარას, დი ლორენცოს, ზამბო ანგისას და ლობოტკას ტრანსფერებს ვეტო დავადე. არანაირი ეჭვი არ არსებობს. ხვიჩა კვარაცხელია ჩვენთან დარჩება და ნაპოლიში ითამაშებს. ყველაფერი ნათელია! ხვიჩა ჩვენთან დარჩება. ვიქტორ ოსიმენს რაც შეეხება, ვიცი, რომ კლუბთან შეთანხმება აქვს დადებული და მასთან მიმართებით საერთოდ სხვა სიტუაცია გვაქვს. ოსიმენი მაღალი დონის ფეხბურთელია, მაგრამ მასზე ვერ ვისაუბრებ, რადგან მასსა და კლუბს შორის უკვე შეთანხმება არსებობს“.
შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიასა და დი ლორენცოს აგენტებმა საჯაროდ განაცხადეს, რომ სურთ, მათმა კლიენტებმა ადგილსამყოფელი გამოიცვალონ. დი ლორენცოს „იუვენტუსს“ უკავშირებდნენ, „კვარას“ – „პარი სენ-ჟერმენს“.