ძოძუაშვილი: „ჯერჯერობით მოლოდინს მხოლოდ მამარდაშვილი ამართლებს“
ვეტერანი ფეხბურთელი და ცნობილი მწვრთნელი რევაზ ძოძუაშვილი გერმანიაშია და საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩებს ესწრება. მისი მოსაზრება მუდამ საინტერესოა, რადგან ცდილობს თითოეული შეხვედრა დეტალურად გაანალიზოს და წარუმატებლობის და წარმატების მიზეზებზე ცდილობს დეტალურად საუბრობს.
რა თქვა ძოძუაშვილმა
ვეთანხმები ყველას, ვინც თვლის, რომ ურთულესი მეტოქე გვყავს, მაგრამ როდესაც ევროპის ჩემპიონატზე გადიხარ, მზად უნდა იყო, რომ უძლიერესი ოპონენტები გაგიწევენ წინააღმდეგობას.
ბუნებრივია, შეგვეძლო ახლა გაცილებით ხელსაყრელ მდგომარეობაში ვყოლიფიყავით, ჩეხეთთან ბოლო წამებზე გოლი რომ გაგვეტანა, თუმცა ფეხბურთში ასეთი რაღაცეები ხშირად ხდება.
ვილი სანიოლს შემადგენლობის შერჩევის გამო ბევრი საყვედურობს, პირადად მე გადავწყვიტე, რომ ამ თემაზე კომენტარი აღარ გავაკეთო, რადგან როდესაც აზრს გამოთქვამ, კარგად უნდა იცოდე რა ხდება გუნდის შიდა სამზარეულოში. სწორედ ამიტომ საჭიროა ფრანგ მწვრთნელს გულშემატკივართან მეტი კომუნიკაცია ჰქონდეს და ის საკითხები, რაც ყველას გვაწუხებს განხილული იყოს.
საერთო ჯამში შემიძლია იმის თქმა, რომ ინდივიდუალურად რომელი ფეხბურთელების იმედებიც გვქონდა, ჯერჯერობით გაცემულ ავანსებს მხოლოდ გიორგი მამარდაშვილი ამართლებს.
ორი ტურის შემდეგ საქართველოს ეროვნულ გუნდს მხოლოდ ერთი ქულა აქვს და მერვედფინალში გასასვლელად ევროპის 2016 წლის ჩემპიონის პორტუგალიის ნაკრების დამარცხება სჭირდება, რომლის შემადგენლობაშიც მთავარი მწვრთნელი რობერტო მარტინესი გარკვეული კორექტივების შეტანას გეგმავს.