მბაპე, ლევანდოვსკი, ინგლისი | ევროს მე-12 დღის გამორჩეული ფაქტები
გერმანიაში მიმდინარე ევრო 2024-ის მე-12 სათამაშო დღეს, საფრანგეთი-პოლონეთის, ნიდერლანდები-ავსტრიის, ინგლისი-სლოვენიისა და დანია-სერბეთის მატჩები გაიმართა. CrystalSport-ი გთავაზობთ დღის გამორჩეულად საინტერესო ფაქტებსა თუ სტატისტიკურ მონაცემებს, რომლებიც ამ შეხვედრებსა და მათში მონაწილე ფეხბურთელებს უკავშირდება.
ავსტრიის ნაკრებმა დიდი ტურნირის ჯგუფური ეტაპი პირველ ადგილზე 1978 წლის შემდეგ პირველად დაასრულა. მაშინ მსოფლიოზე ჯგუფში ბრაზილიასთან, ესპანეთთან და შვედეთთან ერთად იყვნენ.
ავსტრიის ნაკრებმა დიდ ტურნირებზე ზედიზედ ორი მატჩი 1982 წლის შემდეგ პირველად მოიგო. 1982-ის მსოფლიოზე ჩილესა და ალჟირს აჯობეს.
ავსტრიის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ ორ მატჩში ერთზე მეტი გოლი ისტორიაში პირველად გაიტანა.
რომანო შმიდის გოლი ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში მე-900 იყო. სხვათა შორის, ევრო 2020-ზე ტურნირის ისტორიაში მე-700 გოლი ასევე ავსტრიელმა, მიხაელ გრეგორიჩმა გაიტანა.
დონიელ მალენის ავტოგოლი, რომელიც მე-6 წუთზე გავიდა, ავსტრიის ნაკრებისთვის ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლია.
მარსელ ზაბიცერმა დიდ ტურნირებზე მე-10 მატჩი ჩაატარა, რაც, ავსტრიელთა შორის, რეკორდის გამეორებაა.
რალფ რანგნიკის ხელმძღვანელობით, ავსტრიის ნაკრებმა მოიგო ყველა ის მატჩი, რომლებიც სამშაბათს ჩატარდა.
ნიდერლანდების ნაკრებს დიდი ტურნირების ჯგუფურ ეტაპზე ბოლო 12 მატჩში 1 წაგება აქვს.
ავსტრიის ნაკრებს ნიდერლანდებთან ბოლოს 1990 წლის მაისში ჰქონდა მოგებული, ამხანაგურ შეხვედრაში.
20 წლისა და 353 დღის ასაკში, ლეოპოლდ ქერფელდი ევროზე ავსტრიის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშეა.
ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში გასული ავტოგოლების 2/3 ბოლო ორ ტურნირზე გავიდა - 27-დან 18. ევრო 2020-ზე 11 ავტოგოლი იყო, მიმდინარეზე - ჯერჯერობით 7.
კილიან მბაპემ ევროზე კარიერაში პირველი გოლი გაიტანა. მას დიდ ტურნირებზე 13 გოლი მოუგროვდა და, ფრანგებს შორის, მხოლოდ ჟიუსტ ფონტენსა (ასევე 13) და მიშელ პლატინის (14) ჩამორჩება.
კილიან მბაპეს ევროზე გატანილ სადებიუტო გოლამდე 20 უშედეგო დარტყმა ჰქონდა, რაც, ფრანგებს შორის, ევრო 1980-ის შემდეგ ყველაზე ცუდი შედეგია.
ევროპელი ფეხბურთელები, რომლებსაც 2018 წლის მსოფლიოდან მოყოლებული დიდ ტურნირებზე ყველაზე მეტი გოლი აქვთ გატანილი: კილიან მბაპე და ჰარი კეინი - 13-13; კრიშტიანუ რონალდუ - 10.
ანტუან გრიზმანმა დიდი ტურნირების ფინალურ ეტაპზე 33-ე მატჩი ჩაატარა, ლილიან ტურამის შედეგი (32) გააუმჯობესა და, ფრანგთა შორის, ყველა დროის რეკორდსმენია. ტურამთან ერთად, მეორე ადგილზე უკვე ოლივიე ჟირუც არის - 32 მატჩი.
დიდიე დეშამის ერაში, ანუ 2014-ის მსოფლიოს ჩათვლით, პირველად მოხდა, როცა საფრანგეთის ნაკრებმა დიდ ტურნირზე ჯგუფში პირველი ადგილი ვერ დაიკავა.
საფრანგეთის ნაკრები, ევროს ისტორიაში, თავისთვის მე-3 ყველაზე ახალგაზრდა შემადგენლობით პოლონეთის წინააღმდეგ გამოვიდა - 26 წელი და 184 დღე. პირველი ორი ყველაზე ახალგაზრდა თერთმეტეული ევრო 1960-ზე იყო.
კლემენ ტურპენმა და ფრანსუა ლეტიშიემ ევროს მე-3 ტურში იმსაჯეს - მსოფლიოს 1938 წლის ჩემპიონატის შემდეგ პირველად მოხდა, როცა დიდი ტურნირის ერთ ეტაპზე მინიმუმ ორმა ფრანგმა მსაჯმა იმუშავა.
საფრანგეთი ერთადერთი ნაკრებია, რომელიც ბოლო 7 დიდი ტურნირის პლეი-ოფში გავიდა - ეს სერია ევრო 2012-დან იწყება, როცა მწვრთნელი იყო ლორან ბლანი, რომელიც დეშამმა სწორედ იმ ტურნირის დასრულებისთანავე ჩაანაცვლა.
საფრანგეთის ნაკრებს პოლონეთთან ურთიერთშეხვედრა 1982 წლის შემდეგ არ წაუგია - 4 მოგება და 5 ფრე.
საფრანგეთის ნაკრებს დიდ ტურნირზე არასდროს წაუგია ის მატჩი, რომელშიც ნ’გოლო კანტე მონაწილეობდა - ასეთი 18 შეხვედრაა (12 მოგება და 6 ფრე), რაც, ევროპელ ფეხბურთელთა შორის, რეკორდია.
ლევანდოვსკის პენალტიდან გატანილ გოლამდე, საფრანგეთის ნაკრებს გოლი 446 წუთის განმავლობაში არ ჰქონდა გაშვებული.
საფრანგეთის ნაკრებს, ბოლო 9 დიდ ტურნირზე, ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩი არ მოუგია - 5 ფრე და 4 წაგება. ბოლოს 2006-ის მსოფლიოზე ტოგოს მოუგეს.
რობერტ ლევანდოვსკი მე-3 ფეხბურთელია, რომელსაც ზედიზედ ოთხ ევროპის ჩემპიონატზე აქვს გოლი გატანილი. ლუკა მოდრიჩსა და კრიშტიანუ რონალდუს 5-5-ზე.
ევროპის ჩემპიონატის 64-წლიან ისტორიაში პირველად მოხდა, როცა ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ერთი ჯგუფის ორივე მატჩი 0:0 დასრულდა.
გარეტ საუთგეითის ხელმძღვანელობით, დიდ ტურნირებზე აქამდე ჩატარებულ 22 მატჩში მხოლოდ ორი ფეხბურთელია, რომლებმაც ყველა, 22-ვე მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყეს - მეკარე ჯორდან პიკფორდი და ჯონ სტოუნსი.
ინგლისის ნაკრებმა ევროს ზედიზედ მე-4 ჯგუფური ეტაპი დაასრულა ისე, რომ მატჩი არ წაუგია. ჯგუფში ზედიზედ წაუგებელ მატჩთა რაოდენობა 14-ია - 8 მოგება და 6 ფრე.
ინგლისის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში ზედიზედ მეხუთედ გავიდა.
ისტორიაში პირველად მოხდა, როცა ინგლისის ნაკრებმა ზედიზედ ორ ევროზე ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.
სლოვენიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში ისტორიაში პირველად გავიდა.
სლოვენიის ნაკრებს ბოლო 17 მატჩიდან მხოლოდ 2 აქვს წაგებული - 8 მოგება და 7 ფრე.
ისტორიაში პირველად მოხდა, როცა დანიის ნაკრები ზედიზედ ორ ტურნირზე ჯგუფიდან გავიდა.
სერბეთის ნაკრებს დიდ ტურნირზე უკვე 8 მატჩია არ მოუგია - 3 ფრე და 5 წაგება. მათ ბოლოს 2018-ის მსოფლიოზე კოსტა რიკას აჯობეს (1:0).
2023-ის იანვრიდან ივნისამდე, სერბეთის ნაკრებს ზედიზედ 5 მოგება ჰქონდა, ბოლო 14 მატჩიდან კი მხოლოდ 4 მოიგო - 4 ფრე და 6 წაგება.