„მეორე ნომრად თამაშის დროს კვარას ეფექტი მცირდება“ - სანდრო იაშვილი ნაკრების ასპარეზობაზე
ორი ტურის შემდეგ ევროპის ჩემპიონატის ბომბარდირთა დავის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი მიქაუტაძეა, თუმცა მიუხედავად ამისა, არის ბევრი გულშემატკივარი, რომელიც მთავარ მწვრთნელ ვილი სანიოლისგან ბუდუ ზივზივაძისთვის შანსის მიცემას ითხოვს. ასეთ შემთხვევაში ყველაზე კომპეტენტური ყოფილი ფეხბურთელების აზრია და Crystalsport-ი წარსულში ცნობილ ქართველ ფორვარდს სანდრო იაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც სახელი თბილისის „დინამოში“ წარმატებული თამაშით გაითქვა, საქართველოს ეროვნულ გუნდში კი მის ანგარიშზე 3 მატჩია.
რა თქვა იაშვილმა
ბუდუ ზივზივაძეზე და მის სათამაშო დროზე აქედან საუბარი ძნელია. მე როგორც ყოფილი თავდამსხმელი ბუნებრივია მუდამ შეტევის გაძლიერების მომხრე ვარ, მაგრამ ვილი სანიოლს, რომელსაც ამხელა გამოცდილება აქვს და ასეთ დონეზე უთამაშია, ჭკუას ვერ ვასწავლი.
არ ვთვლი, რომ ხვიჩა კვარაცხელია ცუდად თამაშობს. პრობლემა მხოლოდ იმაშია, რომ მას უჭირს ისეთ ტაქტიკაში საკუთარი თავის პოვნა, რომლის დროსაც მისი გუნდი მეორე ნომრად თამაშობს. ასეთი სქემის პირობებში მას უკან ჩასვლა ხშირად უწევს და შეტევაში მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი იკარგება.
რაც შეეხება მთლიანად ნაკრების გამოსვლას, რასაც ველოდი, ყველაფერი ზუსტად ისე მოხდა. ბიჭებმა საოცარი თავდადება და ჟინი გამოაჩინეს, მაგრამ დებიუტანტ გუნდს ცოტა გამართლებაც სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში შედეგის ჩვენება გაუჭირდება. ასე რომ, ბიჭებზე აუგის თქმა არაფრით არ შეიძლება.
საკლუბო კარიერის განმავლობაში იაშვილს „დინამო თბილისის“ გარდა, „ვიტ ჯორჯიაში“, „თბილისში“, „თუნში“, ბოლნისის “სიონში“, მახაჩკალის „ანჟიში“, რუსთავის „ოლიმპსა“ და საჩხერის „ჩიხურაში“ უთამაშია.