ჯანაშია: „ქართველი მცველები კრიშტიანუს იოლად გაუმკლავდებიან“
ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დაწყებისთანავე, წარსულში ცნობილი ქართველი ფეხბურთელი ზაზა ჯანაშია სხვადასხვა სპორტული გამოცემების ხშირი რესპოდენტია და მას აზრს ძირითადად ბუნებრივია, საქართველოს ნაკრების ასპარეზობის შესახებ ეკითხებიან. ჩვენი ქვეყნის ეროვნული გუნდის ყოფილმა ფორვარდმა ამჯერად პორტუგალიელებთან შეხვედრის მოლოდინზე ისაუბრა.
რა თქვა ჯანაშიამ
ვფიქრობ, ჩემი თანამემამულეებისთვის უკეთესი იქნება, თუ კრიშტიანუ რონალდუ შეხვედრას ძირითად შემადგენლობაში დაიწყებს, რადგან ის უკვე 39 წლისაა, სისწრაფე დაკარგული აქვს და ქართველი მცველები იოლად გაუმკლავდებიან.
არ მგონია, რომ პორტუგალიელების დასამარცხებლად სასწაული გვჭირდება. სასწაული კი არა, კარგი თამაშია საჭირო, რაც საქართველოს ნაკრებმა ამ ტურნირზე უკვე არაერთხელ აჩვენა.
1997-2001 წლებში ზაზა ჯანაშიამ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ჩატარებულ 9 შეხვედრაში (4-ჯერ შეცვლაზე შევიდა), 4 გოლი გაიტანა. საკლუბო დონეზე კი, ზუგდიდის „ოდიშის“, თბილისის „შევარდენი 1906“-ის, „სამტრედიას“, მოსკოვის „ლოკომოტივის“, თბილისის „ლოკომოტივის“, თურქეთის „ქოჯაელისპორისა“ და რუსეთის „ბალტიკას“ რიგებში საერთო ჯამში გამართულ 294 შეხვედრაში 86 გოლი გაიტანა.