მესი დაშავდა - კაპიტანს მესამე ტურში დაასვენებენ
არგენტინის ეროვნულმა გუნდმა კოპა ამერიკის მეორე ტურში ჩილეს ნაკრები 1:0 დაამარცხა და მეოთხედფინალის საგზური ვადაზე ადრე გაინაღდა. თუმცა, მსოფლიოს ჩემპიონებისთვის მატჩის დასრულების შემდეგ უსიამოვნო ამბავი გავრცელდა. მათმა კაპიტანმა და საუკეთესო ფეხბურთელმა ლიონელ მესიმ მარჯვენა ბარძაყის კუნთი დაიზიანა, რის გამო თამაში სერიოზული ტკივილების ფონზე ჩაამთავრა. 37 წლის ფეხბურთელმა ამასთან დაკავშირებით სპეციალური კომენტარიც გააკეთა.
რა თქვა მესიმ
ტკივილები ჯერ კიდევ პირველ ტაიმში ვიგრძენი და მეგონა, რომ რამდენიმე წუთში გამიყუჩდებოდა, თუმცა ყველაფერი საპირისპიროდ მოხდა. ამას ემატება ისიც, რომ ბოლო ორი დღეს ტემპერატურით ვვარჯიშობ და 38 გრადუსი სიცხე მაქვს. სამედიცინო შტაბის წევრებთან და მთავარ მწვრთნელთან გასაუბრების შემდეგ, გადავწყვეტ როგორ მოვიქცე - შესაძლოა მომდევნო თამაშის გამოტოვება მომიწიოს.
ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში, 30 ივნისს ალბისელესტე პერუელებს შეხვდება და გამომდინარე იქიდან, რომ პლეი ოფის საგზური განაღდებული აქვს, დასვენების საშუალება შესაძლოა არამხოლოდ მესის, არამედ გუნდის სხვა წამყვან მოთამაშეებსაც მიეცეს.