გუნდი, რომლისთვისაც 1 პროცენტიც შანსია - The Guardian-ის სტატია საქართველოს ნაკრებზე
ორ ტურში აღებული ერთი ქულის მიუხედავად, საოცრად კარგი თამაშის ხარისხით საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო სპორტული პრესის ყურადღების ცენტრშია. გიორგი მამარდაშვილისა და ხვიჩა კვარაცხელიას ფაქტორებიდან გამომდინარე, რომლებიც ლა ლიგისა და სერია A-ს ვარსკვლავები არიან, ესპანური და იტალიური ვებ-გვერდები ჩვენი ქვეყნის ეროვნულ გუნდს სათანადო ყურადღებას აქცევენ. ამჯერად კი ვილი სანიოლის გაწვრთნილი ფეხბურთელები ბრიტანული The Guardian-ის ობიექტივშიც მოექცა.
რას წერენ ბრიტანელები
საქართველოს ნაკრებისა და „უოტფორდის“ ნახევარმცველს, გიორგი ჩაკვეტაძეს სახლში აქვს ფოტო, როდესაც ის 14 წლისაა და თბილისში ჩასულ კრიშტიანუ რონალდუს „დინამოს“ აკადემიის გახსნაზე აღფრთოვანებული სახით უყურებს, ახლა კი პორტუგალიელი ვარსკვლავის წინააღმდეგ მოუწევს ასპარეზობა.
ქართველების ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია გეგმავს რონალდუს, რომელიც მისი ბავშვობის კერპი იყო, მატჩის დასრულების შემდეგ მაისური გაუცვალოს. ცენტრალურმა მცველმა საბა კვირკველიამ კი ლეგენდის წინააღმდეგ ასპარეზობა საკლუბო დონეზე, საუდის არაბეთის ჩემპიონატში უკვე მოასწრო.
ეს მხოლოდ ფაქტებია და არ გეგონოთ, ამ პატარა გუნდს, რომელიც კონტინენტის პირველობის მონაწილეებს შორის ყველაზე გამოუცდელია და ფიფას რეიტინგში 74-ე პოზიციას იკავებს, ვინმეს რიდი, ან შიში ჰქონდეს.
ვილი სანიოლი თითქმის ყოველი პრეს კონფერენციის დროს აღნიშნავს, რომ ქართველი გულშემატკივარი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვედრით აღარ კმაყოფილდება და ახლა უკვე პლეი ოფში გასვლას ითხოვს. კვარაცხელიამ კი აღნიშნა, რომ სანამ 1 პროცენტი მაინც ექნებათ შანსი, ფარ-ხმალს არ დაყრიან და მოსაგებად ძალ-ღონეს არ დაიშურებენ.
ყოველივე ეს იგრძნობოდა საქართველოს ეროვნული გუნდის ორივე მატჩის დროს, როდესაც მათ ფავორიტად მიჩნეულ თურქებსა და ჩეხებს არაფერი დაუთმეს და ადვილი წარმოსადგენია როგორ იბრძოლებენ უკვე გასულ პორტუგალიასთან, რომელიც შესაძლოა მესამე ტურში გადახალისებული შემადგენლობით გავიდეს მოედანზე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრები გუნდები აქამდე მხოლოდ ერთხელ, 2009 წლის მაისში შეხვდნენ და ის მატჩი მეტოქემ ჟოაო მოუტინიოსა და სიმაო საბროსას გოლებით 2:0 მოიგო. დღევანდელი თამაში თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.