ელ კლასიკომდე დაიწყეს - მბაპემ ლევანდოვსკის შეურაცხყოფა მიაყენა
საფრანგეთი - პოლონეთის (1:1) შეხვედრაში ბევრი საინტერესო ფაქტი მოხდა, რომელთა შორისაც ერთ-ერთი გამოსარჩევი კილიან მბაპესა და რობერტ ლევანდოვსკის კონფლიქტი იყო. მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე, ერთ-ერთი ორთაბრძოლისას, პოლონელმა ფორვარდმა „სამფეროვნების“ კაპიტანს, რომელიც დამცავი ნიღბით თამაშობდა, ხელი სახეში მოარტყა, რამაც კილიანის გაღიზიანება გამოიწვია და ლევანდოვსკის ძაღლიშვილი უწოდა. იმ მომენტში ფეხბურთელების დამშვიდება თანაგუნდელებმა მოახერხეს, მსაჯის საფინალო სასტვენის შემდეგ კი დაპირისპირებულმა მხარეებმა პრობლემები მშვიდობიანად თავად მოაგვარეს.
ფრანგებსა და პოლონელებს შორის ფრედ დასრულებულ მატჩში ბურთები სწორედ ამ მოთამაშეებმა გაიტანეს და როგორც ერთმა, ასევე მეორემ თავი თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან გამოიჩინა. დიდიე დეშამის მომზადებული გუნდი მერვედფინალში მეორე პოზიციიდან გავიდა, პოლონელებმა კი უკანასკნელი ადგილი დაიკავეს და კონტინენტის პირველობას გამოეთიშნენ. შეგახსენებთ, რომ მბაპემ ტურნირის დაწყებამდე თავისი საკლუბო მომავალი განსაზღვრა და მადრიდის „რეალში“ გადავიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო სეზონში ლევანდოვსკისთან და მის „ბარსელონასთან“ დაპირისპირება „ელ კლასიკოში“ მინიმუმ ორჯერ მოუწევს.