ინგლისი, დანია
Aa
Aa

ორი უგოლო ფრე - ინგლისი, დანია და სლოვენია მერვედფინალში არიან

საქართველოს ნაკრების პლეი ოფში გასვლის შანსების გაზრდისთვის, C ჯგუფში სერბებთან დანიის ნაკრების გამარჯვება და ინგლისელების მიერ სლოვენიელების მინიმუმ 3-ბურთიანი სხვაობით დამარცხება იყო საჭირო, თუმცა მოვლენები სულ სხვაგვარად განვითარდა და ორივე მატჩი გატანილი ბურთების გარეშე დასრულდა.

ინგლისელებსა და სლოვენიელებს შორის გამართულ შეხვედრაში ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტისგან ამჯერადაც მაინც მოელოდნენ სანახაობრივ თამაშს, მაგრამ საერთოდ არაფერი შეცვლილა და გარეტ საუთგეიტის გაწვრთნილმა გუნდმა წინა მატჩების მსგავსად, საშინელი შთაბეჭდილება დატოვა. ალბიონელთა დამრიგებელმა შეტევის გასაძლიერებლად მეორე ტაიმში მიმდინარე ტურნირზე პირველად, თამაშში კოულ პალმერიც ჩართო, მაგრამ სიტუაცია ვერც „ჩელსის“ ვარსკვლავმა ვერ შეცვალა. დაფიქსირებული ფრით სლოვენიამ 3 ქულით მესამე პოზიცია დაიკავა და ექვსიდან ოთხ საუკეთესო მესამეადგილოსანში მოხვედრა გაინაღდა.

დანიელები პირველ ტაიმში სერბებზე უფრო აქტიურები იყვნენ. ტრადიციულად გამოირჩეოდა მათი კაპიტანი კრისტიან ერიქსენი, მაგრამ მიზანს ვერც მან და ვერც მისმა თანაგუნდელებმა ვერ მიაღწიეს. სერბებმა შესვენების შემდეგ შეტევების გააქტიურობა შეხვედრაში დუშან ვლაჰოვიჩისა და სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩის ჩართვით სცადეს, თუმცა მატჩი მაინც ნულოვანი ყაიმით დასრულდა. დანიელებმა და სლოვენიელებმა ჯგუფური ეტაპი 3-3 ქულით დაასრულეს და კასპერ ჰიულმანდის გუნდი მეორე პოზიციაზე მხოლოდ იმიტომ გავიდა, რომ სლოვენიელებზე ნაკლები ყვითელი ბარათი მიიღო. დანიის ნაკრების მეტოქე პლეი ოფის პირველ ეტაპზე მასპინძელი გერმანია იქნება, სერბები კი კონტინენტის პირველობას დაემშვიდობნენ.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„დაუჯერებელი გმირობა ჩავიდინეთ“ - რანგნიკი უსაზღვროდ ბედნიერია
„დაუჯერებელი გმირობა ჩავიდინეთ“ - რანგნიკი უსაზღვროდ ბედნიერია