რალფ რანგნიკი, რონალდ კუმანი
Aa
Aa

„დაუჯერებელი გმირობა ჩავიდინეთ“ - რანგნიკი უსაზღვროდ ბედნიერია

ევროპის ჩემპიონატზე ავსტრიის ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი ლიდერის რანგში ისტორიაში პირველად დაასრულა. თუ მეორე დიდ სანაკრებო ტურნირს, მსოფლიოს პირველობასაც მივიღებთ მხედველობაში, ავსტრიელებს ჯგუფი მოგებული აქამდე მხოლოდ ერთხელ, 1978 წლის მუნდიალზე ჰქონდათ, როდესაც ბრაზილიელებს, ესპანელებს და შვედებს აჯობეს. გერმანიაში მიმდინარე კონტინენტის პირველობის პლეი ოფში რალფ რანგნიკის მომზადებულმა გუნდმა პირველი ადგილით ნიდერლანდების ნაკრების დამარცხებით გააღწია, რომლის დამრიგებელიც რონალდ კუმანი პრეს კონფერენციაზე უმაყოფილებას ვერ მალავდა.

რონალდ კუმანი

მატჩის დაწყების წინ ვიცოდით, რომ თუ მესამე ადგილს დავიკავებდით, პლეი ოფში უძლიერეს მეტოქესთან მოგვიწევდა თამაში და რაც მოხდა, პირველ რიგში საკუთარ თავს უნდა დავაბრალოთ.

ბევრ ასპექტში ცუდად დავიწყეთ თამაში და უამრავი თავისუფალი ზონა გვრჩებოდა დაცვის ხაზში, რასაც ავსტრიელები ძალიან კარგად იყენებდნენ. შესვენების შემდეგ თითქოს უკეთესი ვიყავით, მაგრამ მოწინააღმდეგემ არც ერთი შეცდომა არ გვაპატია.

რალფ რანგნიკი

ავსტრიის ნაკრების ისტორიაში რაღაც არაჩვეულებრივი და დამაჯერებელი ხდება. ყველაზე რთულ ჯგუფში პირველი ადგილი დავიკავეთ, დაუჯერებელი გმირობა ჩავიდინეთ და ახლა ყველასთვის ანგარიშგასაწევ ძალად ვითვლებით.

არ დაგავიწყდეთ როგორ დაიწყო ჩვენთვის ტურნირი - ფრანგებთან ავტოგოლით წავაგეთ, რაც ნებისმიერ გუნდზე დამღუპველ ფსიქოლოგიურ გავლენას იქონიებდა. ჩვენ კი არ გავტყდით და ჯერ პოლონელებს, შემდეგ კი ნიდერლანდელებს ვაჯობეთ.

ავსტრია-ნიდერლანდების მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად გამარჯვების გოლის ავტორი მარსელ ზაბიცერი დასახელდა, ნიდერლანდელი დონიელ მალენი კი, რომელმაც ბურთი საკუთარ კარში მე-5 წუთზე ჩაჭრა, ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე სწრაფი ავტოგოლის ავტორი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მკვდარ ცხენს მათრახი ვერ უშველის“ - დეშამი გაბრაზებულია
„მკვდარ ცხენს მათრახი ვერ უშველის“ - დეშამი გაბრაზებულია