ჩხუბი და ბულინგი მსაჯის მიმართ - ხორვატები კრახს ვერ ეგუებიან
ხორვატია - იტალიის (1:1) შეხვედრას დიდი გამოხმაურება და რამდენიმე სკანდალური ფაქტიც მოჰყვა. როგორც უკვე იცით, იტალიელებმა მატია ძაკანის ზუსტი დარტყმით ანგარიში არბიტრის მიერ კომპენსირებულ ბოლო, მერვე წუთზე გაათანაბრეს და მეტოქე ფაქტობრივად პლეი ოფს მიღმა დატოვეს, რადგან დალმაციელებს მესამეადგილოსნებს შორის ყველაზე ცუდი შედეგი აქვთ.
მომხდარში ხორვატმა ფანებმა პირველ რიგში მატჩის ნიდერლანდელი მსაჯი დანი მაკელი მიიჩნიეს და მას სოციალურ ქსელში ნამდვილი ობსტრუქცია მოუწყვეს. თემიდის მსახურს ხორვატები შეხვედრის 90 წუთისთვის ზედმეტად ბევრი დროის დამატების გამო, უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებდნენ და ოჯახის წევრებზე თავდასხმით ემუქრებოდნენ, რის გამოც ეს უკანასკნელი იძულებული გახდა თავისი ექაუნთი დროებით დაეხურა. სხვათა შორის, მაკელის მუშაობით უკმაყოფილება პირველ ტურში უნგრეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მარკო როსიმაც გამოთქვა და ის გერმანელების დახმარებაში დაადანაშაულა.
ტურნირის დატოვებით გაბრაზებული ხორვატები ამით არ შემოიფარგლნენ და იტალიელ ქომაგებს თავს დაესხნენ. კონფლიქტის შედეგად კი 4 ადამიანი ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ფაქტთან დაკავშირებით სამართალდამცავებმა გამოძიება უკვე დაიწყეს. ლაიპციგის პოლიციის გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ 21-დან 44 წლამდე ასაკის ორ ადამიანზე სხეულის განზრახ დაზიანების მუხლით სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.